აშშ-ში ახალი ავტომობილის საშუალო ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ავტომობილების ფასების ზრდა სტაბილურად გრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის ბაზარზე ახალი მანქანების საშუალო ფასი 50 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ზოგიერთმა დილერმა სალონებში ჩამოწერილი და აღდგენილი მანქანების გაყიდვაც კი დაიწყო, რადგან მომხმარებლების დიდ ნაწილს სხვა არჩევანის ფინანსური შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს. თუ ფიქრობთ, რომ ინდუსტრიამ ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა ამ სიტუაციის სიმძიმე, ძალიან ცდებით.
Automotive News-ის ინფორმაციით, 30 ივნისის მონაცემებით, ახალი ავტომობილის საშუალო ფასმა 51 974 დოლარს მიაღწია და ამით თითქმის სამწლიანი რეკორდი მოხსნა. „საშუალო სარეკლამო ფასი“ გულისხმობს იმ ღირებულებას, რომელსაც დილერები ფასდაკლებების გათვალისწინებით უთითებენ კონკრეტულ მოდელებზე, ანუ ეს ასახავს უშუალოდ დილერების მიერ დაწესებულ ფასს და არა ავტომწარმოებლების მიერ რეკომენდებულ ღირებულებას.

კვლევაში გამოყენებული მონაცემები ეყრდნობა ავტორიზებული დილერების ვებგვერდებზე არსებულ 133 სხვადასხვა მოდელის მარაგებსა და ფასებს, რაც ბაზრის უდიდეს ნაწილს მოიცავს, თუმცა მასში არ შედის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Tesla, Lucid-ი და Rivian-ი, რომლებიც მანქანებს მომხმარებლებზე პირდაპირ, შუამავლების გარეშე ყიდიან. საინტერესოა, რომ ახალმა მაჩვენებელმა ძველ რეკორდს თავიდან მხოლოდ მცირედით გადააჭარბა: 26 ივნისს ფასმა წინა რეკორდულ ნიშნულს (51 820 დოლარი, რომელიც 2023 წლის 7 ივლისს დაფიქსირდა) მხოლოდ ერთი დოლარით გადაუსწრო, თუმცა მომდევნო ოთხ დღეში კიდევ 154 დოლარით გაიზარდა. ივნისის ბოლო დღეს დაფიქსირებული საშუალო ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2421 დოლარით, ანუ 4.9 პროცენტით მაღალი აღმოჩნდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით მატებამ 314 დოლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით ფასებმა თითქმის ყველა სეგმენტში მოიმატა, თუმცა იყო გამონაკლისებიც. ყველაზე დიდი ზრდა კომპაქტურ სედანებში დაფიქსირდა, სადაც საშუალო სარეკლამო ფასი 2025 წლის ივნისის ბოლოსთან შედარებით 2869 დოლარით, ანუ მთელი 12 პროცენტით გაიზარდა. ეს შეიძლება აიხსნას როგორც მომხმარებლების მხრიდან შედარებით ბიუჯეტური ახალი მანქანების ძებნით, ისე ზოგადად სედანებზე გაზრდილი მოთხოვნით, რამაც დეტროიტის ავტოგიგანტები ამ კლასის მოდელების ბაზარზე დაბრუნებაზე დააფიქრა.

გამოკვლეული 133 მოდელიდან ფასის მატება 99-მა განიცადა. 5 მოდელზე კი საშუალო სარეკლამო ფასი გასულ წელთან შედარებით 10 პროცენტზე მეტით გაიზარდა. კერძოდ, Kia Telluride-ის ღირებულება 16.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო პოპულარული Toyota RAV4-ის საშუალო ფასმა 15.7%-ით მოიმატა. ორივე მათგანი დიდი მოთხოვნით სარგებლობს და ბაზარზე ახლახან განახლებული სახით გამოვიდა, რაც ფასების ასეთ ნახტომს ხსნის. საპირისპიროდ, ელექტრომობილ Hyundai Ioniq 5-ის ფასი 17 პროცენტით დაეცა, ხოლო Jeep Wrangler-ის ღირებულებამ გასულ წელთან შედარებით 4 პროცენტით დაიკლო.