აშშ, მეორადი ავტომობილები, ელექტრომობილები, კონფლიქტი ირანში, მეორადი ელექტრომობილები, ჰორმუზის სრუტე
Aa
Aa

ჰორმუზის კრიზისის პარალელურად, მეორადი ელექტრომობილების ფასი ისევ გაიზარდა

ირანში მიმდინარე ომი და აშშ-ში საწვავის მაღალი ფასები მეორად ბაზარზე სრულად ელექტრომობილებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას იწვევს, რაც, საავტომობილო კვლევითი კომპანია Cox Automotive-ის მონაცემებით, მეორად ელექტრომობილებს საგრძნობლად აძვირებს.

კომპანიამ ოთხშაბათს გამოაქვეყნა Manheim-ის მეორადი ავტომობილების ღირებულების ინდექსი (რომელიც აშშ-ის საბითუმო აუქციონებზე გაყიდული მანქანების ფასებს აკვირდება). მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში, 2025 წლის ივნისთან შედარებით, მეორადი ელექტრომობილების ფასები 12%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, შიგაწვისძრავიანი და ჰიბრიდული (არასრულიად ელექტრო) მანქანების ფასი იმავე პერიოდში მხოლოდ 1.7%-ით არის მომატებული.

ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

საბითუმო ბაზარზე ელექტრომობილების ფასები მიმდინარე წლის ყოველ თვეში იზრდებოდა, რამაც საშუალო ღირებულების 11.5%-იანი ნახტომი გამოიწვია და ნიშნულმა დაახლოებით 30 400 დოლარს მიაღწია. ამავდროულად, სხვა ტიპის ავტომობილების საშუალო ფასი წელს 1%-ზე ნაკლებით გაიზარდა და 19 125 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საცალო ბაზარს, მაისის მონაცემებით, მეორადი ელექტრომობილის საშუალო სარეკლამო ფასი 37 083 დოლარს შეადგენდა.

Cox Automotive-ის ანგარიშით, მაისში მომხმარებლებმა 42 923 ერთეული მეორადი ელექტრომობილი შეიძინეს, რაც წინა თვესთან შედარებით 5.5%-ით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 24.7%-ით მეტია. ამით ელექტრომობილების წილმა მეორად ბაზარზე 2.8% შეადგინა. ლიდერად კვლავ Tesla მიიჩნევა (15 353 გაყიდული ერთეულით), რომელსაც მოჰყვებიან Hyundai, Chevrolet, Ford და BMW.

კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ საწვავის ფასები კვლავაც მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება იმისა, თუ როგორ შეიცვლება ავტომობილების ღირებულება წლის მეორე ნახევარში, როდესაც ბაზარზე ლიზინგიდან გამოსული მეორადი ელექტრომობილების დიდი ნაკადი შემოვა. ეს ნაკადი იმის შედეგია, რომ ზუსტად სამი წლის წინ ავტომწარმოებლებმა სალიზინგო პროგრამებით ახალი ელექტრომობილების გაყიდვები მკვეთრად გაზარდეს.

საავტომობილო ასოციაცია AAA-ს მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 21%-ით არის გაზრდილი და გალონზე 3.80 დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი ბოლო პიკურ ნიშნულთან შედარებით ოდნავ შემცირებულია, ირანში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციამ ოთხშაბათს ნავთობის ფასების მორიგი ზრდა გამოიწვია.

საინტერესოა, რომ მეორად ელექტრომობილებზე მოთხოვნისა და ფასების ზრდა აბსოლუტურად საპირისპიროა იმ ტენდენციისა, რაც ახალი ელექტრომობილების ბაზარზე ხდება — ბევრმა ავტომწარმოებელმა მეორე კვარტალში ახალი ელექტრომობილების გაყიდვების მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა.

შარშან, მეორე კვარტალში, ახალ ელექტრომობილებზე მოთხოვნის ბუმი იმ მოლოდინმა გამოიწვია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 7500 დოლარიან სახელმწიფო შეღავათებსა და სუბსიდიებს გააუქმებდა. ეს სუბსიდიები საბოლოოდ გასულ სექტემბერში დასრულდა, რის გამოც იმ თვეში ელექტრომობილების გაყიდვებმა რეკორდულ, საერთო ბაზრის 10%-ს მიაღწია, წლის ბოლოს კი მკვეთრად დაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები