უნივერსალი, ელექტრომობილები, მერსედესი, სედანი, მერსედეს ეიემჯი, ეიემჯი ჯითი 63
Aa
Aa

იხილეთ ახალი ზემძლავრი Mercedes-AMG CLA 45, რომელიც შიგაწვის ძრავის ხმას ჰბაძავს

ახალი Mercedes-AMG GT 63 4-Door Coupe-ს მსგავსად, რომელიც V8 ძრავის ყალბ ხმებს გამოსცემს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სრულიად ახალ Mercedes-AMG CLA 45-საც სრულად ელექტრონულ ეპოქაში თავისი წინამორბედის შიგაწვის ხმები გადმოჰყვა. თუმცა, აქ V8-ის იმიტაციასთან არ გვაქვს საქმე — აფალტერბახელმა ინჟინრებმა ახალი მოდელისთვის ძველი AMG A45 S-ის გიჟური, ოთხცილინდრიანი ტურბოძრავის ხმა ჩაწერეს.

ასევე იხილეთ: AMG-ის 7 გიჟური მოდელი, რომელიც ამ სამყაროდან არ არის

უფრო მეტიც, უფროსი ძმის მსგავსად, ელექტრო CLA 45-ს აქვს სიჩქარეების გადართვის იმიტაციაც, რომელიც ძრავის ხმას ხელოვნურად წყვეტს, ხოლო სავარძლების სპეციალური ვიბრატორები მძღოლს შიგაწვის ძრავიანი მანქანის ნოსტალგიურ შეგრძნებებს უბრუნებს. ერთი სიტყვით, თუ დაივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ელექტრომობილს მართავთ, შესაძლოა ვერ მიხვდეთ, რომ თქვენი სპორტული ეიემჯი ხმაურიანი მაცივარია...

ხმის გარდა, ამ მოდელმა დიდი კუპესგან სამი მაღალტექნოლოგიური ელექტროძრავიც მიიღო — ერთი წინა ღერძზე, ორი კი უკან. შედეგად, ეს კომპაქტური ავტომობილი წარმოუდგენელ 671 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სამივე ძრავის ჯამური მაბრუნი მომენტი 1758 ნიუტონ-მეტრს აღწევს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მანქანა სულ რაღაც 3.0 წამში ახერხებს. ეს მაჩვენებელი იდენტურია როგორც სედანისთვის, ისე უნივერსალისთვის. შედარებისთვის, ძველი, ბენზინზე მომუშავე AMG CLA მხოლოდ 415 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4.0 წამი სჭირდებოდა.


წინა ელექტროძრავა ე.წ. „ბუსტერის“ როლს ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ CLA სრულამძრავიანი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ხდება.

ორივე ტიპის კორპუსი აღჭურვილია აქტიური აეროდინამიკითა და რეგულირებადი უკანა სპოილერით. მძღოლს შეუძლია აირჩიოს მართვის 6 სტანდარტული რეჟიმიდან ერთ-ერთი, ხოლო თუ ოფციური AMG DYNAMIC PLUS პაკეტია შეკვეთილი, მათ კიდევ ერთი, სარბოლო რეჟიმი ემატება. 94 კვტ.სთ-იანი ელემენტის წყალობით, ელექტრო AMG-ს სედანი ერთი დამუხტვით 416 მილს (დაახლ. 670 კმ) გადის, უნივერსალი კი — 398 მილს (დაახლ. 640 კმ). 330 კვტ-იანი სწრაფი დამუხტვის წყალობით, ელემენტის 10-დან 80 პროცენტამდე შევსებას სულ რაღაც 22 წამი სჭირდება.

ვიზუალურად, სტანდარტულ CLA 45-ს წინა ერთიანი განათების ზოლი მოხსნილი აქვს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია მისი უკან დაბრუნება სრულად განათებულ წინა ცხაურასთან ერთად. ექსტერიერში ასევე შეხვდებით AMG-სთვის ტრადიციულ გაფართოებულ თაღებს, წინა სპლიტერს, უკანა დიფუზორსა და სურვილისამებრ, ნაჭედ დისკებს. ფასები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სიმძლავრის ასეთი გიჟური ნახტომის გათვალისწინებით, ახალი ელექტრომობილი ძველ ბენზინის ვერსიაზე საგრძნობლად ძვირი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები