რატომ გამოიყურება BMW-ის სათავო ოფისი ასე უცნაურად? | მსოფლიოში ყველაზე დიდი ოთხცილინდრიანის ისტორია
მიუნხენში მდებარე BMW-ის სათავო ოფისი ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ოთხი ცილინდრის მსგავსი კოშკები ბევრს შესაძლოა ბოროტი იმპერიის შტაბადაც კი მოეჩვენოს, ზოგისთვის კი, უბრალოდ ერთი უცნაური ფორმისა და დიზაინის შენობა იყოს... თუმცა რეალურად, მისი შექმნის უკან საკმაოდ საინტერესო ისტორია იმალება, ხოლო ეს ადგილია, საიდანაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომწარმოებელი იმართება.
ასევე დაგაინტერესებთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
BMW-ის კოშკი, რომელსაც გერმანულად Vierzylinder-ს (4-ცილინდრიანი) უწოდებენ, მიუნხენს 50 წელზე მეტია, რაც გადმოჰყურებს. 1973 წლიდან ის უკვე BMW Group-ის გლობალური შტაბ-ბინის ფუნქციას ასრულებს და გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კორპორაციული შენობა და არქიტექტურული სიმბოლოა.
თუმცა, ბუნებრივია, ეს უჩვეულო ფორმა აჩენს კითხვებს, თუ რატომ გადაწყდა მისი ამ სტილში აშენება. წესით, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ პასუხი BMW-ის საინჟინრო იდენტობაშია.

1970-იანი წლების დასაწყისი მიუნხენისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. გერმანული ქალაქი 1972 წლის ზაფხულის თამაშებისთვის ემზადებოდა და დანარჩენი მსოფლიოს წინაშე თანამედროვე და ინოვაციური ქვეყნის სახით წარმოჩენაც სურდა. ამ გეგმის მთავარი ნაწილი კი, ახლა უკვე არანაკლებ ცნობილი ოლიმპიური პარკის შექმნა გახლდათ, რომლის გვერდითაც BMW-ის სათავო ოფისი უნდა აღმართულიყო.
ოლიმპიური პარკის პროექტზე არქიტექტურულმა ფირმა Behnisch & Partner-მა იმუშავა, ხოლო შენობის დიზაინი ავსტრიელ არქიტექტორს, კარლ შვანცერს, დაევალა. შვანცერი ბრაზილიელი არქიტექტორის, ოსკარ ნიმეიერის, მოდერნისტული ნამუშევრებით იყო შთაგონებული, რამაც გავლენა მის მომავალ პროექტზეც იქონია. საბოლოოდ კი, ავსტრიელმა შექმნა შენობის დიზაინი, რომელიც ტრადიციული საოფისე ცათამბჯენის სტილს არ იმეორებდა და, ამის ნაცვლად, BMW-ის საინჟინრო მემკვიდრეობას გამოხატავდა.

იდეა საკმაოდ მარტივი იყო — ცათამბჯენი, რომელიც ძრავის ოთხ ცილინდრს წააგავს.
ასე მივიღეთ ინოვაციური კონსტრუქციაც... დიზაინის გათვალისწინებით, „ძრავის ბლოკის“ კონცეფცია მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას არ ატარებდა. რეალურად, მიუნხენში განთავსებული შენობა ოთხი ურთიერთდაკავშირებული ცილინდრული კოშკისგან შედგება, თითოეული კი ძრავის ცილინდრს წარმოადგენს და დამოუკიდებელ კონსტრუქციულ ბირთვს ქმნის. საოფისე სივრცეები სწორედ ამ ბირთვების გარშემოა დაკიდებული და არა ქვემოდან საყრდენებზე მდგომი — ეს კი იმ დროისთვის ინოვაციური იდეა იყო.
პროექტზე მუშაობის დროს, სართულების დიდი ნაწილი ჯერ მიწის დონეზე აეწყო, შემდეგ კი სპეციალური ჰიდრავლიკური მოწყობილობების დახმარებით მაღლა აიწია და ცენტრალურ კონსტრუქციას შეუერთდა. 1970-იანი წლებისთვის ეს რევოლუციური მიდგომა იყო და ამან შენობას უნიკალური იერსახეც მიანიჭა.

ცნობისთვის, BMW-ის კოშკი დაახლოებით 99,5 მეტრის სიმაღლისაა და 22 ფუნქციონირებად სართულს მოიცავს. მშენებლობა 1972 წელს დასრულდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ოფიციალურადაც გაიხსნა.
BMW-ის კოშკი დაახლოებით 99,5 მეტრის სიმაღლისაა და 22 გამოყენებად სართულს მოიცავს. მისი მშენებლობა 1972 წელს დასრულდა, ხოლო ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს BMW-ის შენობა, შესაძლოა, გერმანიის ყველაზე მაღალ ცათამბჯენებს შორის აღარ ხვდებოდეს, მისი კულტურული და ისტორიული დატვირთვა — და ვიზიტორთა მოთხოვნაც — კვლავ უცვლელია.

კოშკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი მისი ქვედა ნაწილია. ტრადიციული შენობებისგან განსხვავებით, BMW-ის სათავო ოფისი თითქოს მიწაზე კი არ დგას, არამედ ჰაერშია გამოკიდებული. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არც ეს ყოფილა. არქიტექტორებს სურდათ, შენობის დიზაინში სიმსუბუქე, სიზუსტე და ტექნოლოგიური პროგრესი გამოეხატათ — თვისებები, რომლებიც BMW-ს სურდა, რომ საზოგადოებას მის მანქანებთან დაეკავშირებინა.
BMW-მ 1973 წლის შიდა მემორანდუმში შენობას „მსოფლიოში ყველაზე დიდი ოთხცილინდრიანი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის მიუნხენის ქალაქის იდენტობისა და ოლიმპიური პარკის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა.