ხმა, რომელიც EV-ების ეპოქას ეწინააღმდეგება | ატმოსფერული V12 ახალი ძალებით ბრუნდება
სულ რაღაც ორი წლის წინ, ჰიპერქარების ახლად დაარსებულმა მწარმოებელმა Nilu27-მა ნამდვილ მონსტრებთან, Pagani Utopia-სა და GMA T.50-თან დაპირისპირება განიზრახა. პასუხმაც არ დააყოვნა და მალევე, უცნობმა კომპანიამ თავისი პირველი ქმნილება, Nilu, წარადგინა. მსუბუქი ჰიპერმანქანა Lamborghini-ს, Bugatti-სა და Koenigsegg-ის ყოფილი დიზაინერის, საშა სელიპანოვის ქმნილებაა.

ახალ პროექტს საფუძვლად ერთი საკმაოდ მარტივი იდეა დაედო: უნდა შექმნილიყო კლასიკური ფილოსოფიის ჰიპერქარი, რომელიც ინდუსტრიის ელექტრიფიკაციის ტენდენციებს „არ აჰყვებოდა“. სწორედ ამ მიზნით, Nilu-ს ძრავაზე მუშაობისას ჰიპერქარების მწარმოებელმა გადაწყვიტა, ისეთ ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობის ნაცვლად, როგორიც, მაგალითად, Cosworth-ია, არჩევანი ახალზელანდიურ და შედარებით ნაკლებად პოპულარულ Hartley Engines-ზე გაეკეთებინა.

ასე მივიღეთ 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავა, რომელიც 11 000 ბრუნ/წთ-ს აღწევს. ჰიპერქარების მწარმოებელმა თავისი მონსტრი აგრეგატი უკვე აამუშავა, საწყისი ტესტირებისას კი მისმა სიმძლავრემ დინომეტრზე თავდაპირველ სამიზნე ნიშნულს, 1 070 ცხენის ძალას, უკვე გადააჭარბა. ძრავა Hot V კონსტრუქციას იყენებს, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილში გამონაბოლქვის კოლექტორები ცილინდრების ორ რიგს შორისაა განთავსებული.
მსგავსი დაპროექტება აუმჯობესებს როგორც ძრავის ეფექტიანობას, ასევე მის მოთავსებასაც ბევრად უფრო მარტივს ხდის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძრავას ცილინდრების 80-გრადუსიანი განლაგება აქვს, ხოლო ძრავის განყოფილება სრულად ღიაა და მას გაგრილებაშიც ეხმარება.

„ეს არის ის მომენტი, როდესაც თეორია რეალობად იქცა. ამ V12-ის ამუშავებით, ჩვენ მხოლოდ ჩვენი საინჟინრო შესაძლებლობები არ დაგვიმტკიცებია, ჩვენ Nilu-ს სულიც შევქმენით. მაშინ, როდესაც ავტოინდუსტრია ციფრული და ელექტროტექნოლოგიებისკენ მიისწრაფვის, ჩვენ აქცენტი მაღალი ბრუნვის, ატმოსფერული შიგაწვის ძრავის ემოციაზე გავაკეთეთ“, - განაცხადა სელიპანოვმა.

Nilu-ს კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი კი ის გახლავთ, რომ ავტომობილი მხოლოდ 7-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იქნება შემოთავაზებული. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე კი მათი საშუალებით უკანა ბორბლებზე გადადის.
საწყისი ტესტირების დასრულების შემდეგ, Nilu-ს ძრავა ახალი ზელანდიიდან უკვე გერმანიაში იგზავნება, სადაც Nilu27-ის პირველ მოძრავ პროტოტიპში განთავსდება. კომპანიებმა უკვე დაადასტურეს, რომ ერთობლივი ძალებით მომავალში სხვა ძრავების, მათ შორის, საჯარო გზებისთვის განკუთვნილი აგრეგატების წარმოებასაც განიხილავენ.
თუმცა თავდაპირველად მხოლოდ Nilu27-ს უნდა ველოდოთ, მასაც 15 ეგზემპლარად და ტრეკისთვის განკუთვნილ ჰიპერქარად. ამის შემდეგ საჯარო გზებისთვის ლეგალური ვერსიებიც ჩაეშვება წარმოებაში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეზღუდული რაოდენობით — სულ რაღაც 54 ეგზემპლარად.