„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები მომდევნო სამი წელი BYD-ის ავტომობილებით ივლიან
ჩინური ავტომწარმოებელი BYD ევროპულ საფეხბურთო სამყაროში გავლენას აფართოებს და „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ, საკუთარ პორტფოლიოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორობას ამატებს. კომპანია, რომელიც ძირითადად ელექტრომობილების წარმოებითაა ცნობილი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფრანგული საფეხბურთო კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“, ოფიციალური საავტომობილო პარტნიორი იქნება.
ვრცლად: ჩინური BYD „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური პარტნიორი გახდა

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ფრანგული გრანდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, მათ შორის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში BYD-ისა და მისი პრემიუმ ბრენდის, Denza-ს, მოდელებით ისარგებლებენ. შესაბამისად, ჩინური გიგანტის ავტომობილებით უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, დემბელეს, დუეს, ფაბიან რუისს და, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიასაც ვიხილავთ. ამასთან, BYD „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ავტომობილის სტატუსსაც მიიღებს.

თუ რომელი მოდელები ერგებათ ახალი ოფიციალური პარტნიორისგან PSG-ის ფეხბურთელებს, ამას სეზონის დაწყების შემდეგ გავიგებთ. თუმცა, თუ BYD-ისა და Denza-ს სამოდელო ხაზს გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომელ ავტომობილებს შორის ექნებათ არჩევანი მოქმედ ჩემპიონებს. BYD-ის ამჟამინდელი ევროპული ხაზი მოიცავს Dolphin Surf-ს (ელექტრო ან plug-in ჰიბრიდულ ვერსიას), Dolphin-ს, Atto 2-ს და Atto 3-ს, საშუალო ზომის სედანებს Seal-სა და Seal 6-ს, ასევე SUV-ებს — Seal U-ს, Sealion 5-ს, Sealion 7-ს და Tang-ს.

Denza, რომელიც, როგორც BYD-ის პრემიუმ ბრენდი, სავარაუდოდ, „პარი სენ-ჟერმენთან“ პარტნიორობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ევროპის ბაზარზე თავისი დახვეწილი Z9GT-ით ახლახან გამოჩნდა. Z9GT ელექტრული სპორტული shooting brake-ია, რომელიც 1 000-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან ერთად კი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს კიდევ უფრო მძლავრ, 1 600-ცხენისძალიან Z-ს, უგზოობისთვის განკუთვნილ BAO 5-ს და ლუქს-კლასის მინივენს D9-ს.
ასევე იხილეთ: Denza Z-ი BYD-ისგან — ჰიპერქარი, რომელიც იმდენივეს იწონის, რამდენსაც BMW X5

საფრანგეთის წამყვან საფეხბურთო კლუბთან პარტნიორობას BYD-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, სტელა ლი, გამოეხმაურა. მისი თქმით, „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო ფეხბურთში წარმატების, ამბიციისა და ინოვაციის სიმბოლოა, რაც BYD-ის ხედვასთან სრულ თანხვედრაშია.