სუპერქარი, ფერარი, უცნაური, ფერარი 488 ჯითიბი
Aa
Aa

ბავშვებმა $500 000-იანი Ferrari სათამაშო მოედნად გამოიყენეს | საქმე ლამის სასამართლომდე მივიდა

ოთხმა მცირეწლოვანმა ბიჭმა ჩინეთში დაახლოებით 530 000 აშშ დოლარად შეფასებული Ferrari სათამაშო მოედნად „გამოიყენა“, რის შედეგადაც სუპერქარი მნიშვნელოვნად დაზიანდა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტით კმაყოფილი ვერ დარჩებოდა ნახევარმილიონიანი ავტომობილის მფლობელი და საბოლოოდ, მეზობლებს შორის დაპირისპირებამ, ლამის, სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა.

ინციდენტი 28 მაისს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მოხდა. თავად ავტომობილის მესაკუთრე, გვარად ჭანგი, იმ დროისთვის საქმიანი ვიზიტით ქალაქგარეთ იმყოფებოდა. მისი თქმით, წითელი ფერის Ferrari 488 GTB, რომელიც 2020 წელს 3.6 მილიონ იუანად (რაც დაახლოებით $530 000-ია) იყო შეფასებული, მას სტანდარტულ, ღია ავტოსადგომზე ჰყავდა გაჩერებული.

ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, ოთხი არასრულწლოვანი, თითოეული დაახლოებით 6-7 წლის ასაკის, ავტომობილს ბამბუკის გრძელი ჯოხებით მიუახლოვდნენ. ბავშვები კაპოტსა და სახურავზე აძვრნენ და სუპერქარი სასრიალოდ გამოიყენეს — თანაც, არაერთხელ.

სახლში დაბრუნებულმა ჭანგმა კი თავის Ferrari-ზე ნაკაწრები აღმოაჩინა, მათ შორის სუპერქარის კაპოტზე, სახურავზე, უკანა მაშუქებსა და მინებზე. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტომობილს სულ მცირე 14 დაზიანება აქვს, ასევე მცირე ბზარიც წინა ბამპერზე. ჭანგის თქმით, დაზიანებების შეკეთება Ferrari-ს ოფიციალურ სერვისცენტრში დაახლოებით 15 000 აშშ დოლარად შეუფასეს.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები მცირეწლოვნები არიან და თავადაც მამაა, გადაწყვიტა, რომ ოფიციალური სადილეროს ნაცვლად ავტომობილი ადგილობრივ სახელოსნოში შეეკეთებინა. შედეგად, სარემონტო ხარჯები 4 300 აშშ დოლარამდე შემცირდა.

სამართალდამცველები მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმატებით მოგვარებას რამდენჯერმე ეცადნენ, თუმცა თავდაპირველად, არასრულწლოვნების მშობლები მხოლოდ მინიმალური კომპენსაციის გადახდას სთავაზობდნენ. საბოლოო ჯამში, კომპენსაცია 700 აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა, როგორც ჭანგი ამბობს, ბავშვები ბოდიშის მოსახდელად არც კი მოუყვანიათ.

ამის შემდეგ, ჭანგმა გადაწყვიტა, საქალაქო სასამართლოსთვის მიემართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მომხდარი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი, ოთხივე ოჯახმა ბოდიში მოიხადა. Ferrari-ს მფლობელმა კომპენსაციაც მიიღო და დავაც ოფიციალურად დასრულდა.

მსგავსი სიახლეები