ფორდი, ევროპა, ჩინური ელექტრომობილები, ჯილი, ესპანეთი, ჯილი იიქს2
Aa
Aa

ესპანეთი ევროპაში ჩინური ავტომწარმოებლების ბაზა ხდება | Geely Ford-ის ქარხანაში „შესახლდება“

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინური გიგანტი Geely ამერიკულ Ford-თან შეთანხმდა. Geely ავტომობილების აწყობას ესპანეთში, ვალენსიასთან ახლოს მდებარე „ცისფერი ოვალის“ ქარხნის იმ ხაზებზე დაიწყებს, რომლებიც წლებია უმოქმედოდ იყო გაჩერებული.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ადგილობრივი წარმოების დაწყება Geely-ს საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს იმ საბაჟო ტარიფებს, რომლებიც ევროპამ ჩინური ავტომწარმოებლების მოზღვავების შეკავების მიზნით დააწესა — სწორედ ეს გახდა ამ გარიგების მთავარი კატალიზატორი.

Ford-ის ალმუსაფესის ქარხანას წელიწადში 450 000 ავტომობილის გამოშვება შეუძლია, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ის სიმძლავრის მეოთხედზე ნაკლებით მუშაობდა. ამჟამად იქ მხოლოდ Kuga იწყობა, თუმცა მალე მას Geely-ს მოდელიც შეემატება. ჩინურ მხარეს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუ რომელ მოდელს გამოუშვებს ესპანეთში, თუმცა ინსაიდერული ცნობებით, ეს იქნება სრულიად ახალი EX2 — ხელმისაწვდომი ელექტრო ჰეჩბექი, რომელიც გასულ წელს ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ახალი ავტომობილი გახდა.

შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. ვინაიდან ესპანეთს გერმანიის ან იტალიის მსგავსი მსხვილი ეროვნული ავტოინდუსტრია არ გააჩნია, ქვეყანა ჩინურ კომპანიებს გაშლილი ხელებით ხვდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Geely ერთადერთი არ არის. Chery უკვე თანამშრომლობს ესპანურ კომპანია Ebro-სთან და Nissan-ის ბარსელონაში მდებარე  ყოფილი ქარხანა უკვე გააცოცხლა. გარდა ამისა, BAIC ადგილობრივ ფირმა Santana-სთან ერთად ანდალუსიაში რამდენიმე უგზოობის მოდელის აწყობას გეგმავს. Stellantis-ი კი სარაგოსაში ელემენტების გიგანტურ ქარხანას ჩინურ კონგლომერატ CATL-თან პარტნიორობით ააშენებს.

გარიგების დამატებით დეტალებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კვირის ბოლოს გაასაჯაროებს, როდესაც Ford-ის ქარხანაში მედიასთან ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მაისის ცნობებით, ამ შეთანხმების ფარგლებში შესაძლოა Ford-მაც გამოუშვას საკუთარი ელექტრომობილი, რომელიც სწორედ EX2-ის პლატფორმაზე იქნება აგებული, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები