Geely ბრიტანეთს „შეესია“ — Honda და Mazda ჩინელებს ჩამორჩნენ...
ევროპის ბაზარზე ჩინელი ავტომწარმოებლების ექსპანსიის მასშტაბების გასაგებად სტატისტიკისთვის უბრალო თვალის გადავლებაც კი საკმარისია. ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი Geely-ს დიდ ბრიტანეთში გაყიდვებია — ბაზარზე, სადაც კომპანია პირველად 2025 წლის ოქტომბერში შევიდა. მას შემდეგ ბრენდის გაყიდვები გაფრინდა, ხოლო სადილერო ქსელის გაფართოების ტემპი მთელი ქვეყნის მასშტაბით უბრალოდ სინათლის სიჩქარეს უახლოვდება.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
დიდ ბრიტანეთში ელექტრო ქროსოვერ EX5-ის გამოჩენიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, ყოველთვიური მონაცემების მიხედვით Geely რამდენიმე კარგად დამკვიდრებულ და ისტორიულ ბრენდს უკვე ბევრად უსწრებს. ეს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მიღწევაა და ამავდროულად მკაფიო ილუსტრაციაა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს აშშ-ის ბაზარზე, ჩინური ბრენდებისთვის კარი თუ ფართოდ გაიღება...
სექტემბერში გაყიდული 5155 ავტომობილით Geely-მ ბრიტანელ მომხმარებლებში ისეთ გიგანტებს გადაუსწრო, როგორებიც იაპონური Mazda და Honda არიან. ამავე პერიოდში SEAT-მა მხოლოდ 2907 ავტომობილის რეალიზება შეძლო, ხოლო FIAT-ი სულაც 1244 ერთეულით შემოიფარგლა. საერთო ჯამში, ჩინურმა ბრენდმა გაერთიანებული სამეფოს ახალი ავტომობილების რეგისტრაციების ჯამური წილის 1.47% დაიკავა.
ამ სწრაფ ზრდას ხელი Geely-ს მიერ ორი ახალი მოდელის დროულმა ჩაშვებამაც შეუწყო — ესენია სრულად ელექტრო ჰეჩბექი EX2 და დამუხტვადი ჰიბრიდული SUV-i-ი. გარდა ამისა, კომპანიამ ახლახან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ბრიტანეთში საიუბილეო, მე-100 სადილეროს გახსნის შესახებ და გეგმავს, რომ წლის ბოლომდე ყველა ლოკაცია სრულად ფუნქციონირებადი გახადოს.
თუ Geely-ს მასშტაბს გასცდებით და ბრიტანეთის საავტომობილო ბაზარს უფრო ფართო რაკურსით შეხედავთ, აღმოაჩენთ, რომ სექტემბერში ახალი ავტომობილების გაყიდვების 23.3% სწორედ ჩინურ კომპანიებზე მოდიოდა. ეს თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (12.4%).
ჩინურ ავტომობილებს ხელგაშლილი მხოლოდ ბრიტანელი მყიდველები არ ხვდებიან — ანალოგიური სურათია დანარჩენ ევროპაშიც — გასულ თვეს გაყიდვები 2025 წლის სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა და ისტორიულ მაქსიმუმს — 194 760 ერთეულს მიაღწია (რითაც ივნისის რეკორდი — 152 747 ერთეული გაუმჯობესდა). ლიდერის პოზიციას Chery ინარჩუნებს 56 552 გაყიდული ავტომობილითა და წლიური 187%-იანი ზრდით. მას მოსდევს BYD-ი — 49 374 მიწოდებული მანქანით (+102%). რაც შეეხება Geely-ს, მისმა ზრდამ მთელ ევროპაში 152% შეადგინა.
ასეთი ტემპების ფონზე უნებლიეთ ჩნდება კითხვა: როგორი იქნება ბრიტანეთისა და დანარჩენი ავტოპარკი სულ რამდენიმე წელიწადში?
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს