სენსორული, ჩინეთი, ღილაკები, შეზღუდვები, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

ჩინეთი მხოლოდ სენსორულ ეკრანებს კრძალავს და ავტომობილებში, ფიზიკურ ღილაკებს აბრუნებს

ჩინეთი ავტომობილებში მხოლოდ სენსორული ეკრანით მართვადი ფუნქციების გამოყენებას შეზღუდავს. ახალი მოთხოვნებით, მანქანის 19 მნიშვნელოვანი ფუნქციის მართვა ფიზიკური ღილაკებით ან გადამრთველებით იქნება შესაძლებელი. ინიციატივის მიზანი მძღოლის ყურადღების გაფანტვის შემცირება და უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

ასევე იხილეთ: Top 10 ტრენდი 2000-იანების ავტომობილებში, რომლებიც გვენატრება

ჩინეთის ახალი წესები ისეთ ფუნქციებს შეეხება, როგორებიცაა გადაცემათა კოლოფის მართვა, საქარე მინის დაორთქვლის საწინააღმდეგო სისტემა, მაშუქების მართვა, სიგნალი და საგანგებო ზარის ფუნქცია.

წინასწარი ინფორმაციით, სენსორული მართვის ფუნქციებზე რეგულაციები 2027 წლიდან ამოქმედდება. ფიზიკური ღილაკების მინიმალური ზომა, მოთხოვნების შესაბამისად, 10×10 მილიმეტრი უნდა იყოს. ამასთან, ღილაკებზე დატანილ სიმბოლოებს ჩინურ ენაზე წარწერებიც უნდა ჰქონდეს დატანილი და მხოლოდ საერთაშორისო აღნიშვნები, მაგალითად, „AC“, საკმარისი აღარ იქნება.

ინიციატივას დადებითი შეფასებები მოჰყვა. მისი მხარდამჭერების აზრით, ტემპერატურის რეგულირება, მინების დაორთქვლის საწინააღმდეგო სისტემის ჩართვა, ხმის დონის შეცვლა და საწმენდების მართვა ფიზიკური ღილაკებით უფრო მარტივია. სენსორულ ეკრანზე საჭირო ფუნქციის მოძებნისას კი მძღოლს ყურადღება ეფანტება და ეკრანზე უფრო დიდხანს ყურება უწევს.

კიდევ რომელ ფუნქციებს შეეხება შეზღუდვები?

სენსორული ეკრანის გარდა, ჩინეთი სხვა თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიების შეზღუდვასაც განიხილავს. განიხილება სრულად გაშლადი საზურგის მქონე სავარძლებისა და დასაკეცი, მოქნილი ეკრანების შეზღუდვაც.

უფრო მკაცრი ზომები შეიძლება დიდი ზომის ეკრანებსა და რთულ საპროექციო დისპლეებსაც შეეხოს. მათი შემოწმებისას უნდა დადგინდეს, ფანტავს თუ არა მსგავსი ტიპის სისტემები ავტომობილის მართვისას მძღოლის ყურადღებას და თუ ისინი სახიფათოდ ჩაითვლება, შესაძლოა ჩინეთმა მათი გამოყენებაც შეზღუდოს.

საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე ეს შეზღუდვები მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვისაა გათვლილი, თუმცა მათი გავლენა შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. ჩინეთი ავტომობილებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია და ადგილობრივი რეგულაციები ავტომწარმოებლების დიზაინსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე ხშირად აისახება.

ემხრობით თქვენ ავტომობილებში ფიზიკური ღილაკების დაბრუნებას, თუ სენსორულ ეკრანებს ანიჭებთ უპირატესობას?

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები