1-წლიანი საშვი და ახალი წესები სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის - ახალი ბრძანება
სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ავტობუსის ზოლში გაჩერების სპეციალური წესები დაუწესდათ. 24 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი სპეციალურ წესებს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის ადგენს, რომლითაც სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის მიწოდება ან მათ სასარგებლოდ გადატანა ხდება.
ბრძანების თანახმად, შესაბამისი საშვის მქონე ავტომობილებს საავტობუსე ზოლში (BUS LINE) გაჩერებისა და დგომის უფლება ექნებათ მხოლოდ 01:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის სხვა დროის მონაკვეთს განსაზღვრავს.
დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული უფლებით სარგებლობა მხოლოდ შსს-ის მიერ გაცემული სპეციალური საშვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საშვი ერთი წლის ვადით გაიცემა.
საშვის მისაღებად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა ან საქონლის გადამტანმა კომპანიამ საპატრულო პოლიციას წერილობით უნდა მიმართოს და წარადგინოს:
- სატრანსპორტო საშუალების მარკისა და სახელმწიფო ნომრის შესახებ ინფორმაცია;
- სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
- შემოსავლების სამსახურის ცნობა გადასახადის გადამხდელის ძირითადი და დამატებითი საქმიანობის შესახებ;
- ავტომობილზე დატანილი შუქამრეკლი სტიკერის, ასევე განმასხვავებელი ნიშნის ან შეფერილობის (არსებობის შემთხვევაში) ფოტომასალა.
ბრძანებით განსაზღვრულია, რომ საავტობუსე ზოლში (BUS LINE) გაჩერებისას მძღოლი ვალდებულია ჩართული ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ავტომობილიდან არანაკლებ 15 მეტრის დაშორებით განათავსოს საავარიო გაჩერების ნიშანი, სამუშაოს დასრულებისთანავე კი დაუყოვნებლივ დატოვოს ზოლი.
ამასთან, როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, საქონლის გადამტან პირს უნდა ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი, ხოლო ავტომობილიდან არანაკლებ 15 მეტრის დაშორებით განთავსდეს მინიმუმ 0,5 მეტრი სიმაღლის საგზაო ბოძი ნარინჯისფერი ან ყვითელი ციმციმა განათებით.
ავტომობილის საბარგულზე ან უკანა კარებზე სავალდებულო ხდება შუქამრეკლი სტიკერის განთავსებაც.
დოკუმენტის თანახმად, უწყების წარმომადგენელს ადგილზე ექნება უფლება გადაამოწმოს BUS ზოლში გაჩერების მიზანი, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაში შეამოწმოს საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადების არსებობა.
რაც შეეხება საშვის გაუქმებას, ეს შესაძლებელია მისი მფლობელის მოთხოვნის, ავტომობილის გასხვისების, წესების სისტემატური დარღვევის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით საავტობუსე ზოლში (BUS LINE) გაჩერება ან დგომა მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.