BMW, პროექტი, პიკაპი, M4, ბიემვი
Aa
Aa

პროექტების პროექტი? - ვიღაცამ M4 Competition-ი პიკაპად აქცია

სპორტული კუპე გარდაქმნის შემდეგ საოცრად ორგანულად გამოიყურება

კრისტალაუტოს პორტალზე ხშირად შეხვდებოდით გიჟური პროექტების შესახებ სტატიებს. ეს ის ავტომობილებია, რომლებიც პურისტებს (ვისაც ქარხნული ავტომობილები უყვარს) ნამდვილ კოშმარად ევლინებიან. თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არაორდინალური შემოქმედებებით ტკბებიან.

რა უნდა იყოს სურათზე ნაჩვენები M4 Competition პიკაპზე არაორდინალური? წარმოიდგინეთ, სპორტული კუპე და პიკაპი! ის როგორ არის? სად ერეკლეო და... გეთანხმებით. მიუხედავად ამისა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც აშშ და ავსტრალიაა იდეალური ავტომობილის ფორმულა სწორედ ასეთია. მაგალითისთვის შეგვიძლია Holden SS-V Maloo Ute გავიხსენოთ - კუპეზე დაფუძნებული პიკაპი Corvette-ის ძრავით! ახლა ეს ავტომობილები ძალზედ რთული საშოვნელია. ამიტომ ვიღაცამ უფრო თანამედროვე ალტერნატივა გამონახა... და ძვირადღირებულიც... 


2022 წელს გამოშვებულ BMW M4 Competition-ს, სრულად ამძრავი სისტემა აქვს. შესაბამისად, პიკაპის პროექტისთვის უკვე კარგი საწყისი იყო. და ძარა როგორ გადააკეთეს? - იკითხავთ ალბათ. ამისათვის კარბონის სახურავი მოიჭრა, გადაკეთდა უკანა დგარები, ხოლო სპეციალურად დამზადდა საბარგულისა და სალონის გამყოფი კედელი.

პროექტს M4Maloo ეწოდა. დიახ, ზუსტად მიხვდით, Holden-ის ლეგენდარული მოდელის პატივსაცემად. გადაკეთებული კორპუსი ავტომობილის ორიგინალ ფერში, ბრუკლინის ნაცრისფერ მეტალიკში შეიღება.

პიკაპად გადაკეთების სამუშაოები აქ არ ამოწურულა. კომპანია Dinmann-მა ავტომობილს დამატებითი ვიზუალური დეტალები შემატა, კერძოდ: კარბონის ცხაურა, „სპლიტერები“, განიერი ფრთები და ახალი სავენტილაციო ღიობები. ძარა უფრო დაბალ, სპორტულ ზამბარებზე დგას. დისკები და საბურავები კი ქარხნული გახლავთ, რაც საერთოდ არ არის ცუდი გადაწყვეტილება. 



რა იქნებოდა ეს ავტომობილი იმ შემთხვევაში თუ მის წარმადობაზე თითი არ იქნებოდა დაკარებული? უაზრობა! სწორედ ამიტომ, იანკებმა ძრავას ახალი ტურბინები, შემშვები და გამშვები სისტემები დაუმონტაჟეს. სამწუხაროდ, რამდენად გაიზარდა მონაცემები არ ვიცით, თუმცა ქარხნული 503 ცხენის ძალა და 650 ნიუტონ მეტრი რომ მუხლზე იქნება გადამტვრეული - ასპროცენტიანია!

გეტყვით იმასაც, რომ სალონში ყველაფერი ზუსტად ისე დაგხვდებათ, როგორც ქარხნულ M4-ში. ყველა ფუნქცია მუშაა და ეკრანებზე „შეცდომა“ არსადაა გამოსახული.

მაგარი ამბავიც გვაქვს. მალე M4 Competition-ის პიკაპი Bring a Trailer-ის აუქციონზე გამოვა და თუ შეძენით დაინტერესდით მისი ხელში ჩაგდების შანსი საკმაოდ რეალურია. ასე იმ შრომას, ნერვული სისტემის მოშლასა და დროს დაზოგავთ, რაც ასეთი პროექტის შექმნას სჭირდება. ამიტომ... დაფიქრდით! 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები