სუპერქარი, მექანიკური გადაცემათა კოლოფი, მაკლარენი, მაკლარენი 6ჯითი
Aa
Aa

34 წლის შემდეგ პირველად: McLaren-მა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სუპერქარი წარადგინა

დაახლოებით 34 წლის შემდეგ პირველად, McLaren-მა წარადგინა სუპერქარი, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. თქვენ წინაშეა ბრიტანული ავტომწარმოებლის უახლესი სუპერქარი, McL 6GT, რომელსაც რეალურად ძალიან სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ეს მოდელი კომპანიის დამფუძნებლის, ბრიუს მაკლარენის, 1960-იანი წლების იდეას აცოცხლებს — იდეას, რომელმაც, სამწუხაროდ, მასობრივ წარმოებამდე ვერასდროს მიაღწია.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა კაცმა იდეალური მანქანა?

McL 6GT კლასიკურ დიზაინსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. McLaren-ის უახლესი სუპერქარის კონსტრუქციაში ძირითადად კარბონია გამოყენებული, კაპოტის ქვეშ კი V8 ძრავა დაგხვდებათ, რომელიც 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. ამ ეტაპზეც ახალი მოდელი ჯერ კონცეპტის სტატუსითაა წარმოდგენილი. თუმცა, როგორც McLaren-ის გუნდში გვპირდებიან, სუპერქარის სერიული ვერსიის გამოშვებას 2028 წლისთვის უნდა ველოდოთ.

შედეგად, McL 6GT, 1992 წელს ლეგენდარული F1-ის წარდგენის შემდეგ, ბრიტანული მწარმოებლისთვის პირველი საგზაო ქუჩებისთვის ლეგალური ავტომობილია, რომელსაც ტრადიციული მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. McLaren-იც მაქსიმალურად ეცადა, ამ მოდელში ავტომობილის მართვის გამოცდილება მაქსიმალურად მექანიკური გაეხადა. ასე მივიღეთ, რომ McL 6GT-ს ჰიდრავლიკური საჭის სისტემა და მექანიკური დეტალებიც კი აქვს.

განსაკუთრებული ყურადღება გადაცემათა ბერკეტს დაეთმო, რომელიც, კომპანიის შეფასებით, ზუსტად ისეა შექმნილი, რომ მძღოლს სიჩქარეებში გადართვისას მაქსიმალური შეგრძნება ჰქონდეს. ბერკეტზე დატანილია 3D Speedy Kiwi-ის ლოგო, რომელიც ბრიუს მაკლარენის ახალზელანდიურ წარმომავლობაზე მიანიშნებს.

თუმცა მაინც, McL 6GT-ის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი ისტორიაა.

M6A Can-Am-ის სარბოლო ავტომობილის საგზაო ვერსიის შექმნის იდეა ბრიუს მაკლარენს ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლოს დაებადა. ასე გაჩნდა საკმაოდ ამბიციური პროექტიც, სახელწოდებით M6GT. რეალურად, საჯარო გზებისთვის განკუთვნილი პირველი სპორტქარის შექმნა განიზრახა მაშინ, როდესაც კომპანია ძირითადად სარბოლო ავტომობილების წარმოებით იყო ცნობილი.

ბრიუს მაკლარენმა ავტომობილის საგზაო პროტოტიპიც კი დაამზადა, თუმცა ის სერიულ წარმოებამდე არ მისულა. ხოლო 1970 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მის განხორციელებაზე უკვე აღარავის უფიქრია. მხოლოდ ახლა, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, McLaren-მა ამ იდეისთვის ფრთების შესხმა გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, თანამედროვე ინტერპრეტაციებით.

McL 6GT კომპანიის სუპერქარების ამჟამინდელი ხაზისგან დიზაინით მნიშვნელოვნად განსხვავდება. მას დაბალი და განიერი ძარა, გლუვი სახურავის ხაზი და ე.წ. Kamm-ის ტიპის უკანა ნაწილი აქვს. დიზაინში მკვეთრად იგრძნობა ქარხნული M6GT-ის გავლენა, თუმცა ახალი მოდელი თანამედროვე აეროდინამიკასა და საინჟინრო ტექნოლოგიებს იყენებს. რეტრო და თანამედროვე ელემენტების კომბინაცია გრძელდება სალონშიც — ციფრული ელემენტები, ნაკერებიანი ტყავის სავარძლები, კარბონის დეტალები, ტრადიციული მექანიკური გადაცემათა კოლოფი და ა.შ.

როგორც გითხარით, McLaren-ში გვპირდებიან, რომ McL 6GT-ის სერიული ვერსია 2028 წელს გამოვა. მათივე თქმით, ახალი მოდელი ავტომწარმოებლის სტანდარტული ხაზისგან განცალკევებულ, განსაკუთრებით ექსკლუზიურ სუპერქარადაც პოზიციონირდება. ჩვენ კი მხოლოდ ის შეგვიძლია დაველოდოთ, თუ როგორი გამოვა 34 წლის შემდეგ McLaren-ის პირველი, მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი სუპერქარი.

მსგავსი სიახლეები