Hyundai-მ 2027 წლის Tucson-ი წარადგინა, რომელიც RAV4-ს შეერკინება
Hyundai-მ 2027 წლის Tucson-ის პირველი ფოტოები ოფიციალურად გამოაქვეყნა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის ბესტსელერი კომპაქტური ქროსოვერი სრულიად ახალ ეპოქაში გადადის და იღებს აგრესიულ, ფუტურისტულ დიზაინს, რომელიც მას კონკურენტებისგან (მათ შორის Toyota RAV4-ისა და Honda CR-V-სგან) მკვეთრად გამოარჩევს.

ახალი Tucson-ის ექსტერიერში თვალშისაჩემია Hyundai-ს უახლესი დიზაინერული ენა: კიდევ უფრო გამოკვეთილი, კუთხოვანი ფორმები, მასიური წინა ცხაურა და განახლებული Parametric Hidden Lights განათების სისტემა. ავტომობილის ძარის ხაზები უფრო აეროდინამიკური და კუნთოვანი გახდა, ხოლო უკანა ნაწილში გამოჩნდა ახალი LED განათების ზოლი, რომელიც ძარის მთელ სიგანეზე გასდევს.

ინტერიერში ცვლილებები კიდევ უფრო მასშტაბურია. სალონში გვხვდება ორი გაერთიანებული 12.3-დუიმიანი გიგანტური დისპლეი, რომლებიც ინსტრუმენტების პანელსა და მულტიმედიურ სისტემას აერთიანებს. Hyundai-მ ასევე გადახედა ერგონომიკას — ცენტრალური კონსოლი უფრო ფუნქციური გახდა, ხოლო მექანიკური ღილაკების ნაწილი კვლავ შენარჩუნებულია კლიმატ-კონტროლისა და აუდიოსისტემის სწრაფი მართვისთვის.

ტექნიკურ ნაწილში 2027 წლის Tucson გააგრძელებს მრავალფეროვანი ძრავების შეთავაზებას. ხელმისაწვდომი იქნება როგორც სტანდარტული ბენზინის ტურბოძრავები, ასევე ჰიბრიდული და დამუხტვადი ჰიბრიდული (PHEV) ვერსიები გაზრდილი ელექტრო-სვლადობითა და გაუმჯობესებული ეკონომიურობით.
ახალი Tucson-ის ოფიციალური დებიუტი და გაყიდვების დაწყება მომავალი წლის დასაწყისშია დაგეგმილი, თუმცა გამოქვეყნებული ფოტოებით უკვე ნათელია, რომ სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტში ლიდერობის დათმობას არ აპირებს.