„რეალის“ მცველი სპონსორს არ დაელოდა და BMW-მდე G-Class-ი შეიძინა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად, კლუბის სპონსორისგან, BMW-სგან, წელსაც ახალ ავტომობილებს მიიღებენ. თუმცა, მადრიდელთა 21 წლის მცველი, დინ ჰაუსენი, BMW-ს არ დაელოდა და სეზონის გახსნამდე ახალი ავტომობილი თავადვე შეიძინა. თან არჩევანი, არც მეტი, არც ნაკლები, BMW-ის მთავარი ადგილობრივი კონკურენტის, Mercedes-ის SUV-ზე გააკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორია მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების ახალი BMW-ები?
ახალგაზრდა ესპანელმა ფეხბურთელმა თავისი ახალი Mercedes-AMG G63-ის ფოტოები სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა. თუმცა, რა გასაკვირია, რომ საქმე არა G-ის სტანდარტულ ვერსიასთან, არამედ ჰაუსენის მოთხოვნების შესაბამისად მოდიფიცირებულ უნიკალურ SUV-ზე გვაქვს.
ჰაუსენის ავტომობილის მოდიფიცირებაზე ლონდონში მოქმედმა ტუნერმა Black Label Lifestyle-მა და ასევე ბრიტანულმა Urban Automotive-მა იმუშავეს. ორივე კომპანია ძვირად ღირებული ავტომობილების მოდიფიცირებითაა ცნობილი. შედეგად კი, თითქმის 600 ცხენის ძალის მქონე SUV მივიღეთ, ფეხბურთელის სურვილის მიხედვით შეცვლილი დიზაინით და, მათ შორის, ლოგოთიც კი.

თუმცა, ვიზუალური ცვლილებების მიუხედავად, ტუნერების გუნდს ავტომობილის ძრავისთვის ხელი არ უხლია. ცნობისთვის, Mercedes-AMG G63 ქარხნულად 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8-ითაა აღჭურვილი, რომელიც 585 ცხენის ძალას და 850 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედეგად, გერმანელების საკულტო SUV მაქსიმალურ სიჩქარეს 220 კმ/სთ-ზე აღწევს, ხოლო AMG-პაკეტისთვის — 240 კმ/სთ-ზე. ამ შესაძლებლობებით, G63-ს 100 კმ/სთ-ის მიღწევა 4.3–4.4 წმ-ში შეუძლია.
ჰაუსენის G63-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი კი მისი 23-დუიმიანი საბურავებია, მაშინ, როდესაც სტანდარტულ ვერსიაში 20-დუიმიანი საბურავებია გამოყენებული. ასევე უნდა აღინიშნოს Tiffany Blue-ის ფერში შეღებილი სამუხრუჭე სუპორტები, რომლებზეც ფეხბურთელის ინიციალებია დატანილი.

„რეალის“ მცველმა ესეც არ იკმარა და თავისი ინიციალებით Mercedes-Benz-ის ტრადიციული სამქიმიანი ვარსკვლავიც ჩაანაცვლა. შედეგად, იქ, სადაც ბრენდის ლოგო უნდა იყოს, ახლა ფეხბურთელის პირადი სიმბოლოა მოთავსებული. იგივე ინიციალები დატანილია სავარძლების თავსადებებზეც.
მოდიფიცირებული ავტომობილის ძარა სატინისებრი შავი ფერითაა დაფარული, რასაც ბევრად უფრო აგრესიულ იერს Urban Automotive-ის Widetrack Package ჰმატებს. ეს პაკეტი 65 ინდივიდუალური დეტალისგან შედგება და მათ ხელით დამაგრებას 200 საათზე მეტი სჭირდება. მოდიფიკაციები ასევე მოიცავს კარბონის კაპოტს და სპეციალურ 4-მილიან გამონაბოლქვის სისტემას, საიდანაც AMG-ის V8 ძრავის ხმას უკეთ გაიგებთ...

ესპანეთის ბაზარზე სტანდარტული Mercedes-AMG G63-ის ფასი 220 000 ევროდან იწყება, თუმცა ჰაუსენის მოდიფიკაციები მის ფასს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაზრდიდა. მაგრამ ფაქტია, რამდენად ძვირიც არ უნდა დამჯდარიყო ცვლილებები, მისი ავტორი და ახლა უკვე მფლობელი შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ჩანს.
