Copart-ის შეცდომამ იუთუბერს ათეულობით ათასი დოლარი დაუზოგა!
ამერიკელმა ბლოგერმა, Youtuber-მა ედ გასკეტმა აუქციონ Copart-ზე 2016 წლის McLaren 570S სულ რაღაც $65 000-ად შეიძინა. მან შეამჩნია, რომ ლოტის აღწერაში აუქციონის თანამშრომლებს ავტომობილის დაზიანებები აშკარად გადაჭარბებულად ჰქონდათ შეფასებული.
დაახლოებით 130 000 დოლარის ღირებულების McLaren-ს უკანა ნაწილი ჰქონდა დაზიანებული, ხოლო აღწერაში ეწერა, რომ „ძრავი იქოქება, თუმცა ავტომობილი არ დადის“. მიუხედავად ამისა, როდესაც ედმა მანქანა შეამოწმა, აღმოჩნდა, რომ მისი არდაძვრის მიზეზი არა მექანიკური გაუმართაობა, არამედ საკმაოდ კომიკური გაუგებრობა იყო.
Copart-ის ფოტოებშივე ჩანდა, რომ McLaren-ს წინა კაპოტი ღია ჰქონდა დატოვებული. 570S-ის ელექტრონიკა კი ისეა მოწყობილი, რომ ღია კაპოტით ავტომობილი სიჩქარეში უბრალოდ არ ვარდება. მიზეზი, თუ რატომ დარჩა კაპოტი ღია, ედმა მოგვიანებით გაარკვია: McLaren-ის აკუმულატორი დამჯდარი იყო, რის გამოც ელექტრო საკეტები აღარ მუშაობდა, აუქციონის თანამშრომელმა გამოიყენა გასაღების პულტში დამალული მექანიკური გასაღები, რათა კარი და კაპოტი გაეღო. კაპოტის გაღების შემდეგ მან მიუერთა აკუმულატორს გამშვები კაბელები და ძრავი დაქოქა. რადგან კაბელები მიერთებული იყო, კაპოტის დახურვა ვერ მოხერხდა. ღია კაპოტით კი მანქანამ სიჩქარეში ჩაგდებაზე უარი განაცხადა.

ვინაიდან აუქციონის თანამშრომლებს თითო ავტომობილის შეფასებაზე სულ 10-15 წუთი აქვთ, მან უბრალოდ ჩათვალა, რომ პრობლემა გადაცემათა კოლოფს ჰქონდა, აღნიშნა ხარვეზი და შემდეგ მანქანაზე გადავიდა. ამ მცირე გაუგებრობის დამსახურებით ედმა ათასობით დოლარი დაზოგა.
რესტავრაციის პროცესი და მოულოდნელი სიურპრიზი
როდესაც McLaren-ი ედის სახლში, ფილადელფიაში ჩავიდა, მან ყვითელი დამცავი ფირის მოშორება დაიწყო. ფირის ქვეშ მას სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა — ავტომობილის ქარხნული ფერი აღმოჩნდა იშვიათი და ექსკლუზიური Volcano Orange. ედმა გადაწყვიტა, რომ ყვითელს ქარხნული ნარინჯისფერი სჯობდა და მისი სრული აღდგენა დაიწყო.
სამღებრო სამუშაოები მარტივი არ ყოფილა — Volcano Orange სამფენიანი საღებავია (სპილენძისფერი ბაზა, წითელი შუალედური ფენა და ლაქი).

ედმა თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვა მაინც შეძლო — McLaren-ის ოფიციალურმა დილერმა უკანა ბამპერში $18 000 მოითხოვა. ედმა კი არაორიგინალი ნახშირბადის ბოჭკოს ბამპერი სულ $2300-ად შეიძინა. მან ბევრი სხვა დეტალიც თავად დაამზადა ან შეაკეთა, ნაცვლად დილერის ძვირადღირებული ნაწილებისა.
ყველაზე დიდი თავსატეხი ელექტრონიკამ გააჩინა — სტანდარტულმა დიაგნოსტიკურმა აპარატურამ McLaren-ის კომპიუტერთან კავშირი ვერ დაამყარა (დილერის $5000-იანმა სისტემამაც კი). საბოლოოდ, სპეც-ოსტატების დახმარებით ელექტრონული ხარვეზებიც მოგვარდა.

საბოლოო ჯამში, ღირდა თუ არა რესტავრაცია? ტექინსპექტირების პირველადი ხარვეზების მოგვარების შემდეგ (დაბურული წინა მინები, გაცვეთილი საბურავები და კარის პანელი), ავტომობილმა შემოწმება წარმატებით გაიარა და „აღდგენილის“ სტატუსი მიიღო.
პროექტის ჯამური ხარჯები:
-
ავტომობილის ფასი: $65 000
-
Copart-ის საკომისიო: $5200
-
შტატის გადასახადი (Tax): $4000
-
საბროკერო საკომისიო: $2600
-
ტრანსპორტირება: $1900
-
სულ დახარჯული (ყველა რესტავრაციით): $87 617
სუფთა ისტორიის მქონე ანალოგიური McLaren 570S ბაზარზე დაახლოებით $130 000 ღირს. ედის შეფასებით, მისი აღდგენილი ავტომობილის რეალური საბაზრო ღირებულება ახლა $100 000-ია.
შედეგად, ედმა მიიღო იდეალურად მომუშავე, ულამაზესი Volcano Orange McLaren-ი გაცილებით იაფად — და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ აუქციონის თანამშრომელმა არ იცოდა, რატომ არ დადიოდა ღია კაპოტიანი McLaren-ი!