BMW გერმანიის პოლიციას ახალ მონსტრ M5-ს უმზადებს!
გერმანიის პოლიციის ავტოპარკში BMW 5-Series Touring-ის უნივერსალების ნახვა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ბავარიულმა გიგანტმა გადაწყვიტა, ეს კონცეფცია სრულიად ახალ, გიჟურ დონეზე აეყვანა. M განყოფილებამ წარადგინა სრულიად ახალი M5 Touring G99, რომელიც გერმანული პოლიციის ოფიციალურ ფორმაშია „გამოწყობილი“. ერთი შეხედვით, ეს ავტომობილი გერმანული ავტობანების ნამდვილ რისხვას ჰგავს და მზად არის ნებისმიერი კანონდამრღვევის დასაჭერად.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
ავტომობილს სახურავზე პოლიციის სპეციალური ციმციმები დაემატა, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ შოუ-ქარია —შესაბამისად, სალონში სტანდარტული პოლიციური აპარატურისა და იარაღის სამაგრების ნაცვლად წითელი Merino-ს ტყავის მდიდრული სავარძლები გვხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული ეგზემპლარი ჯერჯერობით ერთადერთია, ტექნიკურად ის სრულად მზად არის სამსახურისთვის. პოლიციური M5 Touring-ის კაპოტქვეშ იგივე 4.4-ლიტრიანი Twin-Turbo V8 და ელექტროძრავი იმალება, რომლებიც ჯამურად 717 ცხენის ძალასა და 1000 ნიუტონს გამოიმუშავებენ.
ეს მონაცემები ავტომობილს საშუალებას აძლევს, ავტობანზე უსწრაფეს სუპერქარებსაც კი დაედევნოს. ამასთან, 18.6 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა პოლიციელებს საშუალებას აძლევს, ქალაქის ქუჩებში ან საცხოვრებელ ზონებში 65 კილომეტრი სრულიად უხმაუროდ, ბატარეის ხარჯზე გაიარონ.
BMW-ს სპეც-ტრანსპორტისა და ფუნქციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, თუკი პოლიციის დეპარტამენტების მხრიდან საკმარისი ინტერესი იქნება, კომპანია მზად არის, M5 Touring-ი სერიულ საპოლიციო ავტომობილად აქციოს.
„თუკი მომხმარებლის მხრიდან საკმარისი მოთხოვნა იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ამ პროექტს. ჩემს გუნდს ამ იდეის განსახორციელებლად დამატებითი მოტივაცია არ დასჭირდება — ბიჭები შოუ-ქარის შექმნისასაც კი აღფრთოვანებულები მუშაობდნენ“