მატე რიმაცი ევროპულ ავტომწარმოებლებს ჩინელებთან დაპირისპირების ხედვებს სთავაზობს
რამდენიმე წელია მივეჩვიეთ, რომ ევროპული ავტომწარმოებლები ჩინური ელექტრომობილების ექსპანსიით გამოწვეულ უდიდეს კრიზისს განიცდიან. სანამ სხვადასხვა ბრენდების ხელმძღვანელები ევროკავშირს მაღალი ტარიფებისა და შეზღუდვების დაწესებას სთხოვენ, Bugatti Rimac-ის გენერალურ დირექტორს, მატე რიმაცს სრულიად განსხვავებული და რადიკალური ხედვა აქვს.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში რიმაცი აცხადებს, რომ ევროპულმა კომპანიებმა უარი უნდა თქვან ჩინელების კოპირებაზე და საკუთარი უნიკალური ნიშა უნდა იპოვონ. ხორვატი ანტრეპრენერისა და ინჟინერის თქმით, ევროპული გიგანტების მთავარი შეცდომა ის არის, რომ ისინი ასობით მილიონ ევროს უხდიან კონსულტანტებს იმისათვის, რათა ზუსტად ის გააკეთონ, რასაც ჩინელები აკეთებენ — დააყენონ უფრო დიდი ეკრანები, გააუქმონ ფიზიკური ღილაკები და გაზარდონ დამუხტვის სიჩქარე.
„იმის ნაცვლად, რომ გავაუმჯობესოთ ის, რაშიც ჩინელები უკვე საუკეთესოები არიან, ევროპამ საპირისპირო გზა უნდა აირჩიოს“, — განაცხადა მატემ.
თავისი პოზიციის ილუსტრირებისთვის მან Bentley Arnage-ის (1998–2009) ინტერიერი გამოიყენა — ნამდვილი ხის, ტყავისა და მასიური ლითონის დეტალების სინთეზი, რაც ავტომობილს ნამდვილი მდიდრული კლასის შეგრძნებას ანიჭებს და ბორბლებიანი სმარტფონი არ არის...
რიმაცი ევროპული ავტოინდუსტრიის მომავალს შვეიცარიულ საათებს ადარებს:
„ზოგი ამბობს, მდიდრული კლასის მანქანა ყველასთვის არ არის, ჩვენ ყველასთვის ხელმისაწვდომი მანქანა უნდა ვაწარმოოთ — მე ამას არ ვეთანხმები. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ნიშა, ისევე როგორც შვეიცარიელებმა იპოვეს საათების წარმოებაში... ისინი მსოფლიო საათების მხოლოდ 5%-ს აწარმოებენ, თუმცა ამ ინდუსტრიის მთლიანი მოგების 90%-ს იღებენ.“
„ბუგატის“ ბოსის 86-წამიანმა ვიდეომ სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი ნახვა და დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. მის პოზიციას მხარი დაუჭირეს ცნობილმა ავტოჟურნალისტებმაც. დაუჯერებენ თუ არა ევროპული გიგანტები Bugatti-ს ახალგაზრდა ხელმძღვანელს, ამას დრო აჩვენებს, თუმცა ფაქტია — ჩინურ ტექნოლოგიებთან უბრალო „რბოლამ“ შესაძლოა ევროპული ავტოინდუსტრია საკუთარი იდენტობის გარეშე დატოვოს.