BMW-ის აპლიკაცია ყოფილი მეუღლის თვალთვალის იარაღად გამოიყენეს
ავტომობილის დისტანციური მართვის აპლიკაციები, რომლებიც მძღოლების კომფორტისთვისაა შექმნილი, შესაძლოა თვალთვალისა და შევიწროების საშუალებად იქცეს. ამის ერთ-ერთი მაგალითია BMW-ის მფლობელი ქალი, რომლის ყოფილ ქმარს ავტომობილის აპლიკაციაზე წვდომა განქორწინების შემდეგაც შეუნარჩუნდა.
ჯეინი ვერ ხვდებოდა, თუ რატომ იღებოდა BMW-ის ფანჯრები წვიმაში თავისით ან რატომ იხსნებოდა ავტომობილის საბარგული და ზოგჯერ ძრავაც კი მოულოდნელად ითიშებოდა. საბოლოოდ კი მიზეზი გაირკვა, რაც მისთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: მის ყოფილ მეუღლეს ავტომობილის მართვისას სმარტფონზე წვდომა ჰქონდა.

ეს ფაქტი კიდევ უფრო საშიში ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ჯეინს ყოფილი ქმარი წარსულშიც ავიწროებდა და ემუქრებოდა. ახლა კი ამას ავტომობილის საშუალებით აკეთებდა და, რაც ასევე შემაშფოთებელია, აპლიკაციით მისი ადგილმდებარეობის დადგენაც შეეძლო.
თავდაპირველად ჯეინს ეგონა, რომ პრობლემის მოგვარება მარტივი იქნებოდა — მას მხოლოდ BMW-ისთვის უნდა მიემართა და მისი ქმრისთვის წვდომის შეზღუდვა ეთხოვა. მით უმეტეს, რომ ავტომობილი მის საკუთრებაში იყო. თუმცა ადგილობრივ სადილეროში მისულს უთხრეს, რომ წვდომის გაუქმება არ შეეძლოთ.
ჯეინის თქმით, მან სადილეროს წარმომადგენლებს განმეორებითაც მიმართა და ყოფილი ქმრის მხრიდან შევიწროების მტკიცებულებებიც წარუდგინა. ასევე წარადგინა დოკუმენტი იმისა, რომ მის ყოფილ მეუღლეს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა და ავტომობილიც მის საკუთრებაში იყო.

თუმცა, მისი თქმით, BMW-ის სადილეროში განუცხადეს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ახალი ავტომობილის შეძენა იყო და, საბოლოოდ, მასაც სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. „ამის შემდეგ BMW-ს კიდევ ერთი ავტომობილის შეძენაზე უარი ვთქვი“, — ამბობს ჯეინი.
საინტერესოა, რომ ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტომობილის აპლიკაციები სხვების თვალთვალისა და შევიწროებისთვის გამოიყენეს. ყოფილი ქმრის მიერ მათი ადგილსამყოფელის ავტომობილის საშუალებით დადგენაზე Mercedes-ისა და Tesla-ს მძღოლებსაც უსაუბრიათ. საინტერესოა, რომ ძირითად შემთხვევებში ავტომწარმოებლებს სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, BMW-ის წარმომადგენელი ჯეი ჰანსენი აცხადებს, რომ კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების გუნდი პირადი უსაფრთხოების ინციდენტებს დიდი ყურადღებით ეკიდება. BMW-ს აქვს სპეციალური პროცედურები და მექანიზმები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს.
თუმცა, მისივე განმარტებით, BMW-ის ჯეინის საცხოვრებელ არეალში მომხმარებელთა მომსახურების სამსახურთან დაკავშირების ფაქტი არ უფიქსირდება. ამასთან ერთად კი, BMW-ს დილერები დამოუკიდებლად ფლობენ და მართავენ საკუთარ ბიზნესს.