მეორადი ავტომობილები, ფასები, ამერიკის შეერთებული შტატები, მეორადი ავტომობილების ფასები, მეორადი ელექტრომობილები
Aa
Aa

აშშ-ში მეორადი ავტომობილები იაფდება, ეკონომიურ მანქანებზე მოთხოვნა იზრდება

2026 წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მეორადი ავტომობილების ფასები შემცირდა, ხოლო შედარებით ეკონომიურ მოდელებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამასთან, Cox Automotive-მა მიმდინარე წლისთვის მეორადი ავტომობილების ფასების პროგნოზი შეამცირა და მოსალოდნელი 2%-იანი ზრდა მხოლოდ 0.2%-მდე დააკორექტირა.

ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ჰიბრიდი“, რომელსაც 15 000$-მდე შეიძენთ

Manheim Used Vehicle Value Index-ის თანახმად, ივნისიდან სექტემბრამდე მეორადი ავტომობილების საბითუმო ფასები 1.95%-ით შემცირდა. სექტემბერშივე ინდექსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6%-ით დავარდა. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ 2025 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ზრდის ნაცვლად ინდექსის წლიური მაჩვენებლის კლება მივიღეთ.

პროგნოზის გაუარესების მიზეზებს შორისაა საწვავის გაძვირება, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ეს მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ხარჯებს ზრდის.

Manheim-ის ინდექსი აშშ-ის მეორადი ავტომობილების ბაზრის შეფასებისთვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. ეს უკანასკნელი Manheim-ის საბითუმო აუქციონებზე გაყიდული ავტომობილების ფასებს ითვალისწინებს. საბითუმო ფასების ცვლილება კი, როგორც წესი, მოგვიანებით საცალო ფასებზეც აისახება. Cox Automotive-ის მონაცემებით, სექტემბერში მეორადი ავტომობილების საბითუმო ფასები წლიურად 1.2%-ით იყო შემცირებული, ხოლო აგვისტოსთან შედარებით 1.3%-ით შემცირდა.

აქვე საინტერესოა, რომ ამერიკის ბაზარზე ავტომობილების ტიპების მიხედვით განსხვავებულ სურათსაც ვიღებთ. მაგალითად, Cox Automotive-ის თანახმად, მესამე კვარტალში ელექტრომობილებისა და მცირე ზომის ეკონომიური მოდელების ფასები, პირიქით, გაზრდილია. ამის საპირისპიროდ კი დიდი ზომის პიკაპებისა და SUV-ების ღირებულებები შემცირდა.

რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები ბენზინისა და დიზელის გაძვირების შედეგია. Cox Automotive-ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

ცნობისთვის, სექტემბერში აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი ერთ გალონზე, რაც დაახლოებით 3.7 ლიტრია, 4.33 აშშ დოლარი იყო. AAA-ს მონაცემებით, ეს 50 ცენტით აღემატებოდა წინა რეკორდულ მაჩვენებელს — 2023 წლის სექტემბერში დაფიქსირებულ 3.83 აშშ დოლარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშშ-ირანის ომს გამარჯვებული ჰყავს: მეორადი ელექტრომობილები
აშშ-ირანის ომს გამარჯვებული ჰყავს: მეორადი ელექტრომობილები