Tesla Model Y და Model 3 ამიერიდან უშუქობაში გენერატორის როლის შესრულებას შეძლებენ
ელექტრომობილის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უპირატესობა მისი ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ გამოყენების პოტენციალია. თუკი ზოგიერთი მოდელი მხოლოდ მარტივი V2L ადაპტერით შემოიფარგლება, ახალი Tesla Model Y და Model 3 ბევრად შორს მიდიან.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
Cybertruck-ის შემდეგ, Tesla-მ ორმხრივი დამუხტვის (V2H - Vehicle-to-Home) ტექნოლოგია — Powershare — თავის ყველაზე გაყიდვად მოდელებშიც დანერგა. ეს ნიშნავს, რომ დენის მასობრივი გამორთვისას ავტომობილს შეუძლია ელექტროენერგიით პირდაპირ თქვენი სახლი უზრუნველყოს.
Tesla Powershare სისტემას შეუძლია სახლს 11.5 კილოვატი უწყვეტი ელექტროენერგია მიაწოდოს. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ განათებამ, მაცივარმა, Wi-Fi როუტერმა და გათბობა-გაგრილების სისტემამ შეუფერხებლად იმუშაოს.

კომპანიის ცნობით, Model Y-ის ან Model 3-ის სრულად დამუხტული ბატარეის ენერგია საშუალო სტატისტიკურ სახლს დაახლოებით 2 დღის განმავლობაში ეყოფა (ხოლო ენერგიის გონივრული ეკონომიით — 3 დღემდეც კი). სისტემის გასააქტიურებლად მხოლოდ ავტომობილის ყიდვა საკმარისი არ არის — საჭიროა სახლის სპეციალური ინფრასტრუქტურაც: კერძოდ, Powerwall ბატარეა, რომლის ფასიც 9 100 დოლარიდან იწყება და Tesla Wall Connector-ი, რომელიც 585 დოლარი ღირს. ჯამში, Powershare-ის სრული სისტემის გამართვა დაახლოებით $10 000 ჯდება.

Cybertruck-ის შემთხვევაში პროცესი შედარებით იაფია, რადგან მას შეუძლია სპეციალური Powershare Gateway პაკეტით მუშაობა, თუმცა Model Y-ის მფლობელებისთვის Powerwall-ის დაყენება აუცილებელ პირობად რჩება. მიუხედავად მაღალი საწყისი ინვესტიციისა, მძიმე ზამთარსა თუ სტიქიური უბედურებების დროს, როდესაც ელექტროქსელი ითიშება, საკუთარი "ბორბლებიანი ელექტროსადგურის" ქონა ბევრი მძღოლისთვის მნიშვნელოვანი კომფორტი და უსაფრთხოების გარანტიაა.