სოიჩირო ჰონდას Toyota-მ უარი უთხრა | მან კი საკუთარი კომპანია დაარსა
წესით, ცოტამ თუ იცის, რომ სოიჩირო ჰონდას მიერ დამზადებული პირველი დგუში ერთ დროს, თუ ვინ არა, Toyota-მ დაიწუნა. თუმცა ამ წარუმატებლობას ახალგაზრდა მექანიკოსისთვის ხელი არ შეუშლია. პირიქით — სწორედ ამ გამოცდილებამ და არაერთმა გამოწვევამ ის იმ კომპანიის შექმნამდე მიიყვანა, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda?
სოჩირო ჰონდამ კარიერა ველოსიპედებისა და ავტომობილების შეკეთებით დაიწყო, თუმცა მალევე საკუთარი ტექნიკის წარმოებით დაინტერესდა. მაგრამ, როგორც მიხვდებოდით, წარმატებისკენ მიმავალი გზა ჰონდასთვის მარტივი არ ყოფილა — კარიერულ გამოწვევებს კი ომები, დაბომბვები და სტიქიური უბედურებებიც ემატებოდა. თუმცა ჰოჩიროს მარცხი არ აშინებდა და ყოველთვის ცდილობდა, ყველაფერი თავიდან დაეწყო და ახალი იდეებიც რეალობად ექცია.
ჰონდას ავტომობილებისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. ის იაპონიაში გაიზარდა, სადაც მამამისს ველოსიპედების შემკეთებელი სახელოსნო ჰქონდა. ჰონდას ერთ-ერთი ადრეული მოგონება კი Ford Model T-ს უკავშირდება, რომლითაც ის იმდენად მოიხიბლა, რომ მანქანის უკეთ დასანახად მას გაეკიდა კიდეც.

15 წლის ასაკში ჰონდა უკვე ტოკიოში აღმოჩნდა, სადაც ავტომობილების სახელოსნოში შეგირდად მუშაობდა. მაგრამ სხვისი ავტომობილების შეკეთება არ აკმაყოფილებდა და საკუთარის შექმნა სურდა. მოგვიანებით ჰონდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და საკუთარი სახელოსნო გახსნა.
ჰონდას ავტომობილებთან ერთად მაღალი სიჩქარეც იტაცებდა, რის გამოც ავტომობილების აწყობის შემდეგ რბოლებშიც მალევე ჩაება. ერთ-ერთ მანქანაში მან ძველი თვითმფრინავის ძრავიც კი ჩადგა, რაც ავტოსპორტისთვის საკმაოდ უჩვეულო დასაწყისი იყო. ამან მას საშუალება მისცა, ერთი რიგითი მექანიკოსის ნაცვლად, გამომგონებლისა და ინჟინრის რეპუტაციაც შეეძინა.

შემდგომ კი პირველი მნიშვნელოვანი ბიზნესიდეაც დაებადა:
ჰონდამ დგუშის რგოლების წარმოება დაიწყო და Toyota-სთან მის მიწოდებაზე შეთანხმებაც სცადა. თუმცა Toyota-მ მისი პირველი პროდუქტი დაიწუნა, რადგან მასში გამოყენებული კომპონენტები კომპანიის ხარისხის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. Toyota-ს უარი შეიძლებოდა ჰონდას ბიზნესის დასრულების მიზეზი გამხდარიყო, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. მან წარმოების სხვადასხვა მეთოდი გამოცადა და პროდუქციაც დახვეწა. თავდაუზოგავი მუშაობის წყალობით, ჰონდამ თავისი კომპანია სულ სხვა დონეზე აიყვანა. მაგრამ ახლა უკვე მეორე მსოფლიო ომი და მიწისძვრა დაატყდა თავს.
ომის შემდგომ იაპონია ახალი საავტომობილო კომპანიის განსავითარებლად საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ იყო. საწვავი რთულად ხელმისაწვდომი და გაძვირებული იყო, მოსახლეობას კი გადაადგილებისთვის იაფი საშუალება სჭირდებოდა. ჰონდამაც ეს საჭიროება დაინახა და ველოსიპედებზე მცირე ზომის ძრავების დამონტაჟება დაიწყო. ეს მოწყობილობა გაცილებით ნაკლებ საწვავს მოითხოვდა და მომხმარებელთა მოთხოვნასაც აკმაყოფილებდა.

ჰონდას მოტოციკლებმა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა, რის შემდეგაც კომპანია რბოლებში ჩაერთო და, მათ შორის, Isle of Man TT-ში მონაწილეობითაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შემდგომ კომპანიამ წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და საბოლოოდ ავტომობილების წარმოებაზეც გადავიდა. ამ გადაწყვეტილებამ Honda მოტოციკლების მწარმოებლიდან სრულფასოვან ავტომწარმოებლად აქცია.

დღეს Honda ცნობილია არა მხოლოდ მოტოციკლებითა და ყოველდღიურად გამოსადეგი ავტომობილებით, არამედ სპორტული მოდელებითა და ტექნოლოგიური ინოვაციებითაც კი. ხოლო Toyota-ს უარი სოიჩირო ჰონდასთვის არა შემაჩერებელი მიზეზი, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა — ეტაპი, რომელმაც მას საკუთარი კომპანიის შექმნისკენ უბიძგა.