ფორდი, ფორდი ეფ-სერია, ფორდ სუპერ დუთი, ჯიმ ფარლი
Aa
Aa

„ესეც საკმარისად კარგია“ | ამ მიდგომის გამო, Ford-მა ხელძღვანელობის 2/3 შეცვალა

ბოლო წლებში, Ford-ს ავტომობილების ხარისხთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის მოგვარება მოუხდა. ამას დამატებული „იძულებითი“ უკან გაწვევის რაუნდები, რაც კომპანიას მნიშვნელოვნად ხევდა უკან. თუმცა, როგორც Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ თქვა, ავტომწარმოებელმა მიდგომა მნიშვნელოვნად შეცვალა, ამ ცვლილებებმა კი სასურველი შედეგიც გამოიღო და, შედეგად, Ford-მა ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებითაც შესამჩნევ წარმატებას მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

ცვლილებების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად F-Series Super Duty-ის მეხუთე თაობის (2023 წელს გამოშვებული) პრობლემური სტარტი იქცა. ეს პიკაპი Ford-ისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა მისი წარმოების დაწყებას სერიული შეფერხებები მოჰყვა. პროგრამული უზრუნველყოფის დეფექტებმა და ნახევარგამტარებზე დეფიციტმა კომპანია აიძულა, ათასობით სატვირთო ავტომობილი აშშ-ის მასშტაბით სხვადასხვა სადგომზე დაეტოვებინა. დილერებთან მიწოდების დაწყებამდე კი მათი შეკეთება გახდა საჭირო.

ჯიმ ფარლის განცხადებით, Super Duty-ის წარუმატებელი დებიუტი Ford-ისთვის „ცვლილებების კატალიზატორად“ იქცა. მოდელის გაშვების შემდეგ კომპანიამ ინდუსტრიული სისტემების, წარმოების, მიწოდების ჯაჭვისა და საინჟინრო მიმართულებების ხელმძღვანელების დაახლოებით ორი მესამედი შეცვალა. ფარლის თქმით, ეს ადამიანები Ford-ის მიმართულებებს მიდგომით — „ესეც საკმარისად კარგია“ — მართავდნენ. ამიტომ, კომპანიამ მათთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ორგანიზაციაში ახალი ხელმძღვანელების აქტიურად მოზიდვა დაიწყო.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავტომწარმოებელმა ასობით ახალი ხელმძღვანელიც აიყვანა და სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად შიდა პროცესებიც შეცვალა. ფარლის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კორპორაციული კულტურის ცვლილება აღმოჩნდა. ახლა, პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალების ნაცვლად, კომპანიამ პრობლემების სწრაფი გამოვლენისა და მოგვარების პროცესი დაიწყო. ეს კი პრობლემის ძირეული მიზეზის დადგენით გახდა შესაძლებელი.

იხილეთ: Ford-ი მალე საკუთარ რეკორდს მოხსნის — ბრენდმა 2026 წელს უკვე 11 მილიონი მანქანა გაიწვია

ფარლის თქმით, თუ წარსულში მსგავსი პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც ავტომობილების წარმოება გრძელდებოდა, მანქანები დილერებთან იგზავნებოდა და ხარვეზები უკან გაწვევების საფუძველზე ვლინდებოდა, ახლა ეს მიდგომა სრულად შეცვლილია. პირიქით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ პრობლემური ავტომობილი მომხმარებლამდე საერთოდ არ მივიდეს.

ამის გაკეთება მარტივი არაა. ხარისხის გაუმჯობესება შესაძლოა წარმოების შეჩერებას, ახალი მოდელების გამოშვების გადავადებასა და კომპანიისთვის დამატებით ხარჯებსაც ნიშნავდეს. თუმცა Ford-ში გადაწყვიტეს, ამ გამოწვევებს ყველა ეტაპზე თავად გამკლავებოდნენ და პრობლემები მომხმარებლისთვის არ გადაეცათ. შედეგი კი უკვე სახეზეა. J.D. Power-ის Initial Quality Survey-ს უახლეს კვლევაში Ford-მა მასობრივი ბაზრის ავტომწარმოებლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა დასახული მიზნისთვის ამერიკულ ავტომწარმოებელს კვლავ მუშაობა სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები