„ჭკვიანური“ დაგეგმვის დამსახურებით, FIA-ს მომავალი სეზონიდან რბოლების შემოკლება მოუწევს
დიახ, სათაური ნამდვილად სწორად წაიკითხეთ. ფორმულა 1-მა ახალი ძრავების რეგლამენტში ისეთი აბსურდული ვითარება შექმნა, რომ მომავალ სეზონში რბოლების დისტანციის შემოკლება ხდება საჭირო.
როგორც გახსოვთ, 2026 წლის სეზონის სტარტზე ცნობილი გახდა, რომ ელექტროძრავსა და 1.6-ლიტრიან V6 შიგაწვის ძრავს შორის სიმძლავრის 50/50-ზე გადანაწილება პრაქტიკაში არ ამართლებდა. ბატარეის დასატენად პილოტებს სწორ ხაზებზე აქსელერატორისთვის ფეხის აშვება უწევდათ, რამაც ტრასაზე ქაოსური და არაბუნებრივი გასწრებები გამოიწვია.
ასევე იხილეთ: რატომაა Formula 1-ის პილოტობა თითქმის შეუძლებელი?
ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაწყდა, რომ აქცენტი კვლავ ტრადიციულ აგრეგატზე (ცხადია, შიგაწვის ძრავზე) გადაეტანათ. ცვლილებების ფარგლებში გაიზარდა საწვავის მიწოდების ლიმიტი, ანუ ძრავი დროის ერთეულში უფრო მეტ ბენზინს წავს. შედეგად ახალი თავსატეხი შეიქმნა — ბოლიდებს უბრალოდ არ ეყოფათ საწვავი სრული 305-კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად, თუ პილოტები ეკონომ-რეჟიმში არ ივლიან.
"გაზარდეთ საწვავის ავზის ზომა!" — ლოგიკური გამოსავალია, არა? საქმე ისაა, რომ გუნდების უმეტესობა არსებული შასის გამოყენებას 2027 წელსაც გეგმავს. ავზის გაზრდა ბოლიდის მთლიან არქიტექტურას ცვლის და ხელახლა დაპროექტებას მოითხოვს, რის ბიუჯეტიც გუნდებს ფინანსური ლიმიტების გამო უბრალოდ არ აქვთ.

არსებული ინფორმაციით, უკვე დაიწყო მუშაობა წესების ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც გრან-პრის სტანდარტული დისტანცია 305 კმ-იდან 290 კმ-მდე შემცირდება (მონაკოს გარდა, სადაც დაბალი საშუალო სიჩქარის გამო ისედაც 260 კმ-ია). მაგალითად, ბრიტანეთის გრან-პრი სილვერსტოუნზე 52 წრის ნაცვლად 50-წრიანი გახდება.