კადილაკი, პორშე მაკანი, ტოიოტა სუპრა, აუდი, ტესლა მოდელ ესი, ლექსუს ელსი500, ტესლა მოდელ იქსი, ბიემვი ზეტ4, პორშე ტაიკანი, აკურა, ბიემვი აიიქსი, ფოლკსვაგენ აიდი 4, ფორდ ისქეიფი, ბიემვი მე-8 სერია, აკურა არდიიქსი, აუდი არეს7, კადილაკ სითი4, კადილაკ სითი5, ლექსუს ელესი, ჰონდა პროლოგი
Aa
Aa

მოდელები, რომელთა წარმოებაც 2026 წლის ბოლოს დასრულდება

როგორც წესი, ყოველ წელს საავტომობილო რამდენიმე გამორჩეულ მოდელს ემშვიდობება — გამონაკლისი არც 2026 წელი იქნება. ბაზარს მიმდინარე წლის ბოლოს არაერთი გამორჩეული მოდელი დატოვებს, რომელთა არასრულ სიასაც ჩვენ შემოგთავაზებთ.

Acura RDX

20-წლიანი არსებობის შემდეგ, მომავალი წლიდან RDX-ს ვეღარ ვიხილავთ. მიუხედავად ამისა, თუ ამ მოდელის გულშემატკივარი ხართ (და ამ იშვიათ კლუბს მიეკუთვნებით), ნუ მოიწყენთ — ახალ თაობაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მას, დიდი ალბათობით, 1-წლიანი პაუზის შემდეგ, 2028 წელს ვიხილავთ.  

Audi RS7

Audi A7-ების ოჯახის უკანასკნელი წარმომადგენელი 2026 წლის ბოლოს თავის თანამოძმეებს შეუერთდება. თუ საშუალოზომიან ჰეჩბეკს ეძებთ, შეგიძლიათ სრულად ელექტრო A6 e-tron-ი იყიდოთ (კარგით, ნუ გაგვიბრაზდებით, უბრალოდ ალტერნატივა შემოგთავაზეთ).

BMW 8-Series

მიუხედავად იმისა, რომ მე-8 სერიას 2026 წლის შემდეგ ვეღარ ვიხილავთ, BMW გვპირდება, რომ ამ მოდელს მომავალ წლებში გააცოცხლებს. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, შეინარჩუნებს თუ არა მომავლის 8-Series კუპეს, კაბრიოლეტისა და სედანის ფორმებს... 

BMW iX

მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც პოპულარული არასდროს ყოფილა, BMW iX-ი მაინც შესანიშნავ ელექტრომობილად შეიძლება ჩაითვალოს თავისი კომფორტის, მდიდრული სალონისა და ბატარეის ტევადობის გათვალისწინებით, თანაც ნუ დაივიწყებთ, რომ მისმა არქიტექტურამ მომვალი არაერთი მოდელი განსაზღვრა. 

BMW Z4

2027 წლიდან როდსტერების მოყვარულებს ბაზარზე 1-ით ნაკლები არჩევანი ექნებათ, თანაც ინდუსტრიას შესანიშნავი ავტომობილი ტოვებს. Z3-ის შემცვლელმა სამი თაობა გამოიცვალა და ბავარიული ბრენდის საწარმოო ხაზში ორ დეკადაზე მეტი გაატარა. იმედია, BMW ამ სეგმენტს მალე დაუბრუნდება...

Cadillac CT4 და CT5

ამერიკული მექანიკური და Twin-Turbo V6/V8 სედანების ეპოქა სრულდება. CT4 სრულად ტოვებს ხაზს, ხოლო CT5-ის ახალ თაობას მოგვიანებით ველოდებით. ალბათ, ჩვენს რეალობაში ამ მოდელების წასვლით გული ბევრს არ დასწყდება.

Lexus LC და LS

გამოსვლიდან 10 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც, LC ისეთივე დიდებულია, როგორიც პირველ დღეს. მიუხედავად ამისა, 2026 წლის შემდეგ V-8 LC500-ის კუპესა და კაბრიოლეტს ვეღარ ვიხილავთ. დაიმახსოვრეთ, ეს მოდელი ბრენდის ისტორიაში IS F-ისა და LFA-ს გვერდით (ან ოდნავ ქვემოთ) დადგება. 

რაც შეეხება LS-ს, ორიოდე სიტყვა მასაც ეკუთვნის — მოდი, LS-ზე ვთქვათ ის, რომ ამ მოდელმა თავისი გაყიდვებით იაპონური მდიდრული ბრენდი იმ მონსტრად აქცია, რომელიც დღეს გახლავთ. შესაბამისად, Lexus-ის სედანების საწარმოო ხაზი ამიერიდან მხოლოდ 2 მოდელით იქნება წარმოდგენილი: IS-ითა და ES-ით. 


Tesla Model S-ი და Model X-ი

მართალია, Model S-ი Tesla-ს პირველი ელექტრომობილი არ ყოფილა, თუმცა მნიშვნელობით, შესაძლოა, ყველაზე დიდიც კია — მან ამერიკული ბრენდი გიგანტებს შორის დაამკვიდრა. მართალია, ქართულ ბაზარზე ახლა შემოცვივდნენ, თუმცა წარმოებაში Model S-ებს 2027 წლიდან ვეღარ ვიხილავთ. 

რაც შეეხება Model X-ს, მან ფეხის მოკიდება უბრალოდ ვერ შეძლო, ამიტომ არავის გვიკვირს, რომ თავის მომცრო თანამოძმეს ისიც უცერემონიოდ მიყვება. ამით აშშ-ში Tesla-ს სამრიგიანი მოდელების ეპოქა სრულდება (სანამ ასეთ Model Y-ს არ ვიხილავთ)...


Toyota GR Supra

ლეგენდარული Supra შვიდწლიანი გამოცოცხლების შემდეგ კიდევ ერთხელ დაგვტოვებს. იმედია, მოდელის ბაზარზე დაბრუნებას ისევ 20 წელი არ დასჭირდება...

და სხვები...

ჩამოთვლილ ავტომობილებთან ერთად წარსულს ჩაბარდებიან Volkswagen ID.4, Volvo EX30, Volvo V90, Porsche Taycan Cross Turismo და Sport Turismo, შიგაწვისძრავიანი Porsche Macan-ი, Polestar 4, Land Rover Discovery Sport-ი, Jaguar F-Pace-ი, Honda Prologue-ი, Chrysler Voyager-ი და Ford Escape-იც... იმედია, რომელიმე მათგანი მეტისმეტად არ დაგაკლდებათ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები