საინტერესო, ბიემვი 3.0 სიესელი, სუბარუ იმპრეზა, დოჯი ჩარჯერ დაიტონა, ლამბორგინი ქაუნთაჩი, პორშე 911 კარერა არესი
Aa
Aa

რომელ ავტომობილს აქვს ყველა დროის საუკეთესო უკანა ფრთა?

სტანდარტული სიჩქარით, საჯარო გზებზე მოძრავი ავტომობილებისთვის, უზარმაზარი უკანა ფრთები, ერთი შეხედვით, სრულიად აბსურდულად გამოიყურება. ხშირ შემთხვევაში, ისინი მძღოლებს უკანა ხედვის შესაძლებლობასაც უზღუდავენ, ზედმეტ ყურადღებას იპყრობენ და ამ ტიპის მოდელებზე ისინი სასმელის დასადებ თაროდ უფრო გამოდგება, ვიდრე რეალურ მიმჭერი ძალის შემქმნელად.

ამის მიუხედავადაც, მძღოლთა ნაწილს დიდი ზომის უკანა სპოილერები და ფრთები მაინც განსაკუთრებულად უყვართ. ამ სიყვარულს კი განვითარების თითქმის ექვსი ათწლეულის ისტორია უმაგრებს ზურგს. მსგავსად დატვირთული ისტორიის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ისმევა კითხვაც: რომელ სერიულ ავტომობილს ეკუთვნის ისტორიაში საუკეთესო უკანა ფრთის ტიტული?

უკანა ფრთების „წელთაღრიცხვის“ ათვლა შეიძლება პირველი თაობის Dodge Charger-იდანაც დავიწყოთ. მისი აეროდინამიკური fastback-ძარა NASCAR-ის რბოლებისთვის არასასურველ ამწევ ძალას წარმოქმნიდა, რის გამოც Dodge-ს ავტომობილზე პატარა ზომის უკანა სპოილერის დაყენების იდეა დაებადა. შემდგომში უკვე ავტომწარმოებელმა მისი მომხმარებლებზე გაყიდვაც დაიწყო, რათა მოდელს სარბოლო რეგულაციები დაეკმაყოფილებინა. უკვე 1967 წლისთვის, Charger-ი პირველი სერიული წარმოების ამერიკული ავტომობილი გახდა, რომელიც ბაზარზე უკანა სპოილერით იყო ხელმისაწვდომი. ეს იყო პატარა ფრთა, თუმცა უზარმაზარი მემკვიდრეობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდგომ მოვლენები ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა. 1969 წლის Dodge Charger Daytona-მ და მისმა 1970 წლის „ძმამ“, Plymouth Superbird-მა, კომპანიისგან ცათამბჯენის სიმაღლის უკანა ფრთები მიიღეს. BMW 3.0 CSL „Batmobile“-ში კი უკვე გერმანულმა ავტომწარმოებელმა, ზომასთან ერთად, აქცენტი რაოდენობაზეც გააკეთა — ამ მოდელს უკანა საქარე მინის ზემოთ დამატებითი სპოილერი ჰქონდა, საბარგულზე დამაგრებული ფრთა კი იმდენად დიდი იყო, რომ გერმანიის გზებზე მისი გამოყენება ლეგალურად არ დაუშვიათ. ამიტომაც, ავტომობილები მფლობელებამდე ფრთის გარეშე მიდიოდა, მისი მთავარი დეტალი საბარგულში იდო და მფლობელს მისი დამაგრება დამოუკიდებლად შეეძლო.

ამის შემდგომ უკვე გამოჩნდნენ ავტომობილები, რომელთა წყალობითაც უკანა ფრთები პოპკულტურის ნაწილად იქცა. მაგალითისთვის ავიღოთ Lamborghini Countach-ის დიდი ზომის ფრთა, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს რეალურად 16 კმ/სთ-ით ამცირებდა, თუმცა ვიზუალურად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სიჩქარე ამდენითვე იზრდებოდა. ხოლო 1973 წლის Porsche 911 Carrera RS 2.7-ის „იხვკუდა“ სპოილერმა 911-ის კლასიკური სილუეტი სამუდამოდ შეიცვალა. ერთი წლის შემდეგ იგივე Turbo-მ გააკეთა და საბოლოოდ უკანა სპოილერი 911-ის დიზაინის განუყოფელ ნაწილად იქცა.

1990-იან წლებში დიდი ზომის უკანა ფრთები ავტომობილების ვიზუალური სტილისა და აეროდინამიკური პაკეტის აუცილებლობად იქცა. აქ უკვე საუკეთესო მაგალითებად შეგვიძლია Toyota Supra Mk4 და Subaru Impreza WRX STI მოვიყვანოთ. Ford Escort RS Cosworth-ის წყალობით კი ყველაფერი კიდევ უფრო შორს წავიდა და საკულტო „ვეშაპის კუდის“ ტიპის სპოილერი მიიღო.

თანამედროვე ავტომობილებში აეროდინამიკა გაცილებით უფრო დახვეწილია. Porsche 911 GT3 RS-ს სახურავზე მაღლა აწეული, „გედის კისრის“ ტიპის უზარმაზარი უკანა ფრთა აქვს. ეს უკანასკნელი ფორმითა და ფუნქციით ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებსაც მოგვაგონებს და DRS-ის მსგავსი სისტემაც აქვს. კიდევ უფრო უჩვეულო გადაწყვეტა მივიღეთ Zenvo-ს TSR-S-ში. ავტომობილის ე.წ. Centripetal Wing-ს შეუძლია გვერდითა მხარეებზე მკვეთრად გადაიხაროს, რითაც ავტომობილისთვის მოსახვევებში მეტ აეროდინამიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ასევე, დღეს ისეთ თანამედროვე ავტომობილებსაც შევხვდებით, სადაც ფრთა საერთოდაც არ ჩანს. ისინი ძარის ზედაპირშია ჩაშენებული და საჭიროების შემთხვევაში იწევა, რითაც დამატებით მიმჭერ ძალას ქმნის და პნევმატიკური მუხრუჭის ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, Bugatti Veyron-სა და Chiron-ს, McLaren P1-სა და 720S-ს, ასევე Porsche Panamera-ს აქტიური უკანა სპოილერები აქვთ, რომლებიც დაბალ სიჩქარეზე ძარაშია ჩამალული და საჭიროებისას იშლება.

ასე მივედით, მცირე ზომის სპოილერიდან უზარმაზარ ფრთებამდე და მოძრავ აეროდინამიკამდე — თქვენი აზრით, რომელია საუკეთესო?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები