„დედაჩემივით საუბრობ“ | ჰამილტონი ბელინგემს მართვის მოწმობის არქონის გამო ეხუმრა
Plaza de Las Ventas-ზე ავტომობილების პრეზენტაციით დაწყებული, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პილოტების ვიზიტით დასრულებული — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საინტერესო მოვლენებისა, რომელთაც მადრიდში გამართული გრან-პრის კვირეულის ფარგლებში ვადევნეთ თვალი.
ამ ყველაფერს კი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაემატა: EA Sports-მა ახალი ვიდეოთამაშის, F1 25-ის პრეზენტაციისთვის Ferrari-ს ბრიტანელი მრბოლელი ლუის ჰამილტონი და ასევე ბრიტანელი, „რეალ მადრიდის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემი შეარჩია. ორივე სპორტსმენი მადრიდში პროფესიული ვალდებულებების გამო იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს გადაწყდა, Formula 1-ის ვირტუალური ბოლიდებით ერთმანეთისთვისაც გაეწიათ კონკურენცია.

თუმცა, ვიდეოს ყველაზე საინტერესო მომენტი ალბათ ის იყო, როდესაც ჰამილტონი დაინტერესდა, იცოდა თუ არა ფეხბურთელმა ავტომობილის მართვა. მაგრამ Formula 1-ის ჩემპიონის შეკითხვა რეალურ ცხოვრებას ეხებოდა და არა ვირტუალურ სამყაროში მანქანებით გართობას.
მადრიდელთა ვარსკვლავმა გულწრფელად აღიარა, რომ მართვის მოწმობა მას საერთოდ არ აქვს, რითაც ჰამილტონის გაოცება დაიმსახურა. „არა, არც მოწმობა მაქვს და არც არაფერი მსგავსი“, — უპასუხა ბელინგემმა.
„როგორ? კი მაგრამ, 23 წლის ხარ!“ — იკითხა ჰამილტონმა, რაზეც ბელინგემმა სიცილით აღიარა:
„კი, ვიცი, არასწორია... ყველა ამას მიმეორებს — დედაჩემივით მელაპარაკები“.
თუმცა, ბელინგემი მადრიდელთა რიგებში ერთადერთი ნამდვილად არაა, რომელსაც მართვის მოწმობის აღება „ეზარება“. მათ რიგებში დიდი ხნის განმავლობაში კილიან მბაპეც იყო. ეს განსაკუთრებით გასაკვირია იმის ფონზე, რომ „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელები ყოველ სეზონზე კლუბის სპონსორისგან, BMW-სგან, ახალ ავტომობილებს იღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: მართვის მოწმობის აღების შემდეგ, მბაპემ BMW i7 გამოცადა
მაგრამ, ბელინგემისგან განსხვავებით, წელს მბაპე უკვე თავისივე ავტომობილის საჭესთან გამოჩნდა. მართვის მოწმობის აღების შემდეგ, მბაპემ BMW i7 გამოცადა. ფრანგი ფეხბურთელი გერმანელი სპონსორისგან მიღებული BMW i7 xDrive60-ის საჭესთან წელს მადრიდის ქუჩებში არაერთხელ დააფიქსირეს.