დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის ხიდით დაკავშირება იგეგმება | რა ეტაპზეა პროექტი
თბილისში, სადგურის მოედნისა და ცოტნე დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტი ჯერ კიდევ 2024 წელს დააანონსდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანია Ramboll-ის მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც იყო საუბარი. ამ გეგმის თანახმად, რეკომენდებული იყო ტერიტორიაზე ახალი გადასასვლელის, საჯარო სივრცის, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემოს მოწყობა.
სადგურის მოედნის ტერიტორიის განახლების მიზნით, ტენდერი გასული წლის გაზაფხულზე გამოცხადდა. კერძოდ, მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით 2.5 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.
შპს „საქგზამეცნიერებასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 180 კალენდარული დღეა განსაზღვრული. თუმცა, ხელშეკრულებაში სამჯერ შევიდა ცვლილება და სამივე მათგანში მოთხოვნილი იყო, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადის გადაწევა.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, შეგახსენებთ, რომ სადგურის მოედნისა და ცოტნე დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდი ორზოლიანი იქნება. საავტომობილო ხიდს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მასზე შერეული ნაკადების დაშვებას მხოლოდ არაპიკურ საათებში, ხოლო პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ.
კონცეფციის მიხედვით, საავტომობილო ხიდი იქნება 280 მეტრი სიგრძის, სწორ მონაკვეთში 8.5 მეტრი სიგანის, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე).
„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7-მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.
საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18-მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი — 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი — 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობებში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, — აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.