ჰიბრიდული, პროტოტიპი, ნისანი, ნისან ჯითი-არი, სპორტქარი, ნისან სქაილაინ ჯითი-არი, ნისან ჯითი-არ არ36
Aa
Aa

ახალი Nissan GT-R-ის ელექტრო პროტოტიპი ნიურბურგრინგზე ჩაფლავდა | R36 შიგაწვისძრავიანი იქნება

ახალი თაობის Nissan GT-R-ის შემუშავების პროცესი მუდმივად ავტომოყვარულების ყურადღების ცენტრშია. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალი თაობა — R36 GT-R შემუშავების აქტიურ პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი სრულად ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვება, ერთი საკვანძო დეტალი უცვლელი რჩება: GT-R-ი შიგაწვის ძრავს არ დათმობს.

ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?

Nissan-ში სრულიად ელექტრო GT-R-ის შექმნაზე სერიოზულად იფიქრეს და რამდენიმე პროტოტიპიც კი ააგეს, თუმცა ტესტირებამ სერიოზული პრობლემები გამოავლინა. Nissan North America-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ელექტრო პროტოტიპები ტრასაზე დიდხანს ვერ ძლებდნენ — ისინი ნიურბურგრინგის მხოლოდ ერთ წრეს გადიოდნენ და ამის შემდეგ ბატარეა სრულად დამუხტვას ითხოვდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი ელექტრომობილების ტექნოლოგია მზად არ არის სრული დატვირთვით, ხანგრძლივი ტრეკ-დღეების რეჟიმში სამუშაოდ.

„მექანიკური სულის“ შენარჩუნება ჰიბრიდული აგრეგატით

ვინაიდან სრულად ელექტრო ვერსიამ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, Nissan-მა გადაწყვიტა GT-R-ის „მექანიკური სული“ შეინარჩუნოს და R36 თაობა ჰიბრიდული ძრავით აღჭურვოს. სავარაუდოდ, ბაზად კვლავ R35-ის ლეგენდარული Twin-Turbo V6 (VR38DETT) ძრავის გაუმჯობესებული ვერსია იქნა გამოყენებული.

საწყისი ვარაუდებით, R36 GT-R-ის სტანდარტული ვერსია 800-დან 900 ცხენის ძალამდე გამომუშავებს, ხოლო Nismo-ს ტოპ-ვერსია 1000 ცხენის ძალას მიაღწევს, რაც მას Bugatti Veyron-ისა და Ferrari SF90-ის დონეზე აყენებს! მიუხედავად იმისა, რომ შიგაწვის ძრავის შენარჩუნება ფანებს ძალიან უხარიათ, ჩნდება მთავარი საფიქრალი — წონა.

თანამედროვე ჰიბრიდული სპორტქარები საგრძნობლად დამძიმდა. ამის ნათელი მაგალითია ახალი BMW M5 (G90), რომელიც წინამორბედზე დაახლოებით 460 კგ-ით მძიმეა, რის გამოც დამატებითი 100 ცხენის ძალის მიუხედავად, ზოგ კომპონენტში ძველ მოდელზე ნელიც კი აღმოჩნდა. ავტომოყვარულებს იმედი აქვთ, რომ Nissan-ი ამ შეცდომას არ გაიმეორებს.

რატომ ვერ გახდება GT-R ჯერჯერობით ელექტრო?

ამ მიმართულებით პირველი პრობლემა (და ავტომოყვარულებისთვის ბედნიერება) ბატარეების ტემპერატურული მართვაა — ექსტრემალური დატვირთვისას და მაღალ ტემპერატურაზე (მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში 40-50°C სიცხეში) არსებული ლითიუმ-იონური ბატარეები სწრაფად ცხელდება და ეფექტურობას კარგავს.

გარდა ამისა, Nissan North America-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სრულად ელექტრო GT-R „უბრალოდ არ იქნება ავთენტური“. ხმის და მექანიკური შეგრძნებების დაკარგვა GT-R-ის ფანებისთვის მიუღებელი იქნება.

Nissan-ში აცხადებენ, რომ R36-ის შესახებ სრულ დეტალებს 2028 წლისთვის შევიტყობთ, ხოლო პირველი სერიული მოდელები კონვეიერიდან 2030 წელს ჩამოვლენ. იმის გათვალისწინებით, რომ R35 თაობის წარმოება საბოლოოდ მხოლოდ 2025 წელს დასრულდა, R36 იმაზე ადრე გამოჩნდება, ვიდრე ბევრი ელოდა.

მსგავსი სიახლეები