EU ჩინური ჰიბრიდების იმპორტზე კვოტებს აწესებს | რას გულისხმობს შეზღუდვა?
ევროპის კავშირი პირველი დეკემბრიდან ჩინეთიდან ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტს შეზღუდავს. ახალი რეგულაციებით, მომდევნო 200 დღის განმავლობაში, დამატებითი ტარიფების გარეშე, EU-ში ჩინური ჰიბრიდების მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის შეტანა იქნება შესაძლებელი.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
საინტერესოა, რომ იმის მიუხედავად, რომ ევროპის კავშირის შეზღუდვები იაპონიიდან, თურქეთიდან, სამხრეთ კორეიდან და გაერთიანებული სამეფოდან იმპორტირებულ ავტომობილებსაც შეეხება, მთავარი სამიზნე მაინც ჩინეთია.
კომისიის გადაწყვეტილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესების ფარგლებში დროებითი დამცავი ზომებია. აღნიშნული ზომები ჰიბრიდული, მათ შორის plug-in ჰიბრიდების, იმპორტის საკითხზე გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს. EU-ს მიზანი ჩინეთიდან მზარდი სავაჭრო დეფიციტის შემცირება და ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის დაცვაა.

შეზღუდვის ამოქმედებიდან პირველი წლის განმავლობაში ჩინეთიდან EU-ში დამატებითი ტარიფების გარეშე მაქსიმუმ 350 000 ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის იმპორტი დაიშვება, რაც 200-დღიან ინტერვალში 191 000 ავტომობილს გულისხმობს. შედარებისთვის, სხვა ქვეყნებისთვის წლიური კვოტები შემდეგნაირად განისაზღვრა: იაპონია — 310 000, თურქეთი — 230 000, სამხრეთ კორეა — 105 000, გაერთიანებული სამეფო — 190 000 ავტომობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელმა გასულ წელს ევროპის კავშირში 166 000 ჰიბრიდი გაიტანა.
ჩინეთისთვის დაწესებული კვოტა EU-ში მომდევნო 12 თვის განმავლობაში შესაძლო იმპორტის დაახლოებით ნახევარია. კომისიის შეფასებით, შეზღუდვის გარეშე ჩინური ჰიბრიდების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, რაც საფრთხეს როგორც ევროპულ წარმოებას, ისე სხვა ქვეყნების მწარმოებელთა პოზიციებს შეუქმნიდა.

კომისიის მონაცემებით, ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტიც მკვეთრადაა გაზრდილი — კერძოდ, 2020 წელს 21 000 ერთეულიდან 2024 წელს 438 000 ერთეულამდე. ბლოკის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესების შემდეგ კი იმპორტის ზრდა შენელდა და ბაზარზე ჩინური EV-ებიდან ჩინურ ჰიბრიდებზე გადასვლის ტენდენცია გამოიკვეთა. შესაბამისად, ამ სეგმენტის დარეგულირების აუცილებლობაც გამოჩნდა.
ორგანიზაციის განმარტებით, ახალი კვოტები ე.წ. დამცავი ზომების ნაწილია და ყველა მსხვილ ექსპორტიორზე უნდა გავრცელდეს. თუმცა შეზღუდვები ყველაზე მკაცრი ჩინეთისთვისაა, რასაც უსაფრთხოების შეშფოთებებიც ამტკიცებს. შეზღუდვებს ჩინური მხარე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პეკინი იტოვებს უფლებას, დაიცვას საკუთარი ინდუსტრიის ლეგიტიმური ინტერესები.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს