გერმანიაში მასშტაბურ პროტესტს Mercedes-Benz-ისა და BMW-ის ქარხნებიც შეუერთდნენ
გერმანიის საავტომობილო და მეტალურგიულ სექტორში ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაფიცვები გრძელდება. ქვეყნის უმსხვილესმა პროფკავშირმა IG Metall-მა გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე 19 საწარმოს 23 000-ზე მეტ თანამშრომელს 24-საათიან გაფიცვაში ჩართვისკენ მოუწოდა. მათ შორის, პროტესტმა გერმანიის ორი გიგანტის, Mercedes-Benz-ისა და BMW-ის საწარმოებიც მოიცვა.
ქვეყნის მასშტაბით გაფიცვები ფასების ზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სამი რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ დაიწყო. პროფკავშირების გეგმით, პროტესტის ტალღამ ბერლინი და ქვეყნის ცენტრალური ნაწილიც უნდა მოიცვას.

IG Metall-ის ინფორმაციით, პარასკევს გამართულ საყოველთაო პროტესტში ქვეყნის სხვადასხვა საწარმოდან დაახლოებით 151 000 თანამშრომელი მონაწილეობდა. გაფიცულ საწარმოებს შორის იყო Audi-ის მთავარი ქარხანა ინგოლშტადტში და ბავარიაში მდებარე BMW-ის სამი საწარმო.
IG Metall-ი, რომელიც დაახლოებით 3.7 მილიონ დასაქმებულს წარმოადგენს, ხელფასების 5%-იან ზრდას ერთი წელია, რაც ითხოვს. მოთხოვნა გერმანიის საავტომობილო სექტორში დასაქმებულებსაც მოიცავს.
თუმცა პროფკავშირების მოთხოვნისგან მკვეთრად განსხვავებულია თავად დამსაქმებლების შეთავაზება. ისინი თანამშრომლებს 2027 წლის ივლისში ერთჯერად ანაზღაურებას, წლიური ხელფასების 1%-იან მატებას, ხოლო 2028 წლის ივლისიდან ხელფასების 1.3%-ით გაზრდას სთავაზობენ. პროფკავშირებში თვლიან, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, ეს შეთავაზება დასაქმებულების რეალურ შემოსავალს შეამცირებს.

Mercedes-Benz-ის რამდენიმე ქარხანაში გაფიცვები კვირა საღამოს, ღამის ცვლის დაწყებისთანავე დაიწყო. გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ARD-ის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ჰამბურგის ქარხანაში საწარმოო ხაზები კვირას, 22:00 საათიდან გაჩერებული იყო.
„ამ დროისთვის ქარხანაში მუშაობა სრულად გაჩერებულია, თანამშრომლებს კი სამუშაოდ შესვლის უფლება არ ეძლევათ. ადგილზე მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იმყოფებიან, სხვა არაფერი ხდება“, — განაცხადა IG Metall-ის წარმომადგენელმა.
Mercedes-Benz-მა Euronews-თან დაადასტურა, რომ გაფიცვამ მისი საწარმოებიც დააზარალა. ამის გამო გერმანულ ავტომწარმოებელს საქმიანობის კორექტირება უწევს. თუმცა კომპანიას კონკრეტული ქარხნები ან პროტესტის გავლენა საწარმოო მოცულობაზე არ დაუკონკრეტებია.

Mercedes-Benz-ის განცხადებით, დამსაქმებელთა ასოციაციები IG Metall-თან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ის სრულად იზიარებს Südwestmetall-ის პოზიციას. ასოციაციამ 24-საათიან გაფიცვებს „არასაჭირო ესკალაცია“ უწოდა და პროფკავშირს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.
გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ინფორმაციით, Mercedes-Benz-ი ქვეყანაში ყოველწლიურად 800 მილიონი ევროს დაზოგვას ცდილობს. განხილულ ვარიანტებს შორისაა დამატებითი ანაზღაურების გარეშე სამუშაო საათების გაზრდა და თანამშრომელთა შეღავათების შემცირება. შეგახსენებთ, რომ Mercedes-Benz-ს გერმანიაში ინვესტიციების შემცირებაც დაანონსებული აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს