ფორმულა 1, სუპერქარები, ბუგატი, ბუგატი ვეირონი, ძვირად ღირებული ავტომობილები, ფერნანდო ალონსო
Aa
Aa

ყველაზე ძვირად ღირებული Bugatti Veyron-ი ახლა F1-ის ჩემპიონს ეკუთვნის | გამოიცნობთ, ვის?

Formula 1-ის ჩემპიონის კოლექციას უნიკალური ისტორიის მქონე Veyron-ი შემატა.

Formula 1-ის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო წელს ერთ-ერთ ყველაზე რთულ სეზონს ატარებს. ამ მონაცემებით, ესპანელ მრბოლელს ჩემპიონატში მხოლოდ სამი ქულა აქვს დაგროვებული, რაც 2001 წელს დებიუტის შემდეგ მისთვის ყველაზე დაბალი შედეგია. თუმცა, ამ წარუმატებლობის მიუხედავადაც, ალონსოს ტრასის მიღმა მოწყენილობა ნამდვილად არ ეტყობა და თავის მდიდრულ ავტომობილების კოლექციას ახალი ძვირად ღირებული მოდელებითაც აქტიურად ამდიდრებს.

მაისში ალონსომ უნიკალური Pagani Zonda Diamante Verde შეიძინა, რომლის ღირებულებაც, სავარაუდოდ, $10 მილიონს აჭარბებს. ავტომობილი მრბოლელმა გერმანული სადილეროსგან, Mechatronik-სგან, შეიძინა.

ახლა კი, სექტემბერში, ალონსოს კოლექციას კიდევ ერთი გამორჩეული ჰიპერქარი შეემატა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ტოვებს ის მონაკოში Bugatti-ს სადილეროს თავისი ახალი, ასევე უნიკალური Bugatti Veyron Grand Sport Vitesse-ით. ეს უკანასკნელიც Mechatronik-მა გაყიდა, შასის ნომრით 8100 არის და ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ Veyron-ად ითვლება. როგორც ცნობილია, ალონსომ ეს უნიკალური Bugatti $5 მილიონად შეიძინა.

შექმნის ისტორია

ამ ავტომობილის ადგილსამყოფელი საიდუმლოებით იყო მოცული. მისი თავდაპირველი მფლობელი Veyron 16.4 Pur Sang-ით იყო მოხიბლული და Bugatti-საც უნიკალური Grand Sport Vitesse-ის შექმნის თხოვნით მიმართა, რომლის ძარის პანელებიც მთლიანად დამუშავებული ალუმინისგან იქნებოდა დამზადებული.

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა თავდაპირველად მიიჩნია, რომ პროექტი ზედმეტად ძვირი იქნებოდა და მასზე უარიც თქვა, თუმცა მომხმარებელმა პოზიცია არ შეცვალა და მეტიც, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში Bugatti-ს სხვა მოდელებზე შეკვეთების გაუქმებითაც დაემუქრა. საბოლოოდ, კომპანიას მოუწია, რომ ავტომობილის წარმოებაზე თანხმობა გაეცა.

როგორც ცნობილია, ძარის თითოეული პანელი ალუმინის ერთი მთლიანი ბლოკისგანაა დამუშავებული. შედეგად, მხოლოდ ამ ერთი უნიკალური ავტომობილის შექმნის პროცესში ჯამში 20 ტონაზე მეტი ალუმინის ბლოკი გამოიყენეს. ეს გაპრიალებული ალუმინის ძარა კი, წითელი ფერის ტყავის სალონს ერწყმის.

საწყის ეტაპზე, ავტომობილს რამდენიმე ინდივიდუალური დეტალიც ჰქონდა, მათ შორის სავარძლების თავის მისაყრდნობებსა და საწვავის ავზის ხუფზე წარწერა — „Kaq“. თუმცა, როგორც ჩანს, ალონსოს მიერ ამ მოდელის შეძენამდე ეს დეტალები ქარხნული ვერსიით შეიცვალა და ეს წარწერებიც გაქრა.

Bugatti-ს შესაძლებლობები

Grand Sport Vitesse პირველად ავტომწარმოებელმა 2012 წლის ჟენევის ავტოშოუზე წარადგინა. Veyron-ის ექსტრემალური როდსტერი Bugatti-მ ლეგენდარული 8-ლიტრიანი W16 ძრავით აღჭურვა, რომელიც 1 200 ცხენის ძალას და 1 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. შედეგად, მოდელი 100 კმ/სთ-მდე 2.6 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 410 კმ/სთ-ზე, ელექტრულად შეზღუდულად კი, 375 კმ/სთ-ზე აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები