BMW-ს Neue Klasse უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს დანერგავს
მართვის დამხმარე აქტიური სისტემები ავტოსამყაროში ახალი ხილი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ წარსულში ეს პრემიუმ კლასის ფუფუნება იყო, დღეს თანამედროვე ავტომობილის განუყოფელ სტანდარტად იქცა. გარკვეულ ბაზრებზე ზოგიერთი ასეთი სისტემის არსებობა ავტომობილში უკვე სავალდებულოც კი არის.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
ყველაფერი უბრალო ფუნქციებით დაიწყო — მაგალითად, კრუიზ-კონტროლით (თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ საჭის ჰიდროგამაძლიერებელი და ABS-იც ADAS-ის პირველად ფორმებს მიეკუთვნება). დღეს კი ეს სია უსასრულოდ გაიზარდა: ზოლში დარჩენის ასისტენტი, პარკინგ-ასისტენტი, სხვადასხვა გაფრთხილება თუ შეტყობინება — ჩამონათვალი დღითიდღე ივსება.
BMW Neue Klasse: უსაფრთხოების ახალი სტანდარტი
BMW ამ მიმართულებით კიდევ უფრო შორს მიდის. მომავალი Neue Klasse პლატფორმა წარმოადგენს მართვის ასისტენტების სრულიად ახალ ტექნოლოგიას, რომელიც შექმნილია შეჯახების თავიდან ასაცილებლად — სანამ საფრთხე საერთოდ წარმოიშობა.
მთავარი იდეა მძღოლის გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან დაცვაა. მაგალითად საგანგებო მანევრირების სისტემები აქტიურად არიდებს ავტომობილს გზაზე უეცრად გადმოსულ მოტოციკლებს (რაც დიდი პრობლემაა თუნდაც თბილისურ რეალობაში), გზაზე გადმორბენილ ცხოველებსა თუ ყურადღებაგაფანტულ ქვეითებს. ასევე დაბალი სიჩქარის სენსორები უკუსვლით პარკირებისას ბრმა ზონებს აკონტროლებენ, ხოლო კარის გაღების უსაფრთხოების ასისტენტი ბლოკავს კარის გაღებას, თუ ავტომობილს გვერდით ველოსიპედისტი ან ქვეითი უახლოვდება.
ეს ტექნოლოგიები მართვას როგორც სტატისტიკურად, ისე რეალურ ცხოვრებაში ბევრად უსაფრთხოს ხდის, თუმცა, მეორე მხრივ, ავტომობილს 100 პროცენტით ტექნოლოგიაზე დამოკიდებულს ხდის. კრიტიკოსები უკვე დიდი ხანია საუბრობენ ამ მიდგომის ორ მთავარ ნაკლოვანებაზე — პირველ რიგში, რა ხდება სისტემური ხარვეზის დროს?
შესაძლოა პირდაპირი შედარება არ იყოს, თუმცა კარგი მაგალითია კარებში „დამალული“ სახელურები. დღეს ბევრი მწარმოებელი უარს ამბობს მათზე ან კანონმდებლობით კრძალავს მათ გამოყენებას. მიზეზი მარტივია: ავარიის დროს ელექტრონული სისტემა ხშირად ითიშებოდა, რაც სალონში მყოფების ჩაკეტვას იწვევდა. არცერთი ტექნოლოგია არ არის 100%-ით დაზღვეული, ხოლო მასზე ზედმეტი მინდობა ადამიანს დაუცველს ტოვებს. მეორე არგუმენტი „ლუდიტებისთვის“ მართვის უნარების დაკარგვა და ყურადღების მოდუნებაა — ტექნოლოგიებზე გადაჭარბებული დაყრდნობით მძღოლები, ფაქტობრივად, კარგავენ მართვის ჩვევებს და საჭესთან ყურადღებას ადუნებენ. ჩნდება მცდარი განცდა, რომ „ავტომობილი მაინც თავად გამოასწორებს შეცდომას“.

ჯერჯერობით პასუხი ციფრებსა და სტატისტიკაშია. დღეს საგზაო შემთხვევების საერთო რაოდენობა მაღალია მხოლოდ იმის გამო, რომ გზებზე იმაზე მეტი ავტომობილია, ვიდრე ოდესმე. თუმცა, თუ გადაადგილებულ კილომეტრებზე ავარიების პროპორციას შევხედავთ, მონაცემები მკაფიოდ ადასტურებს, რომ ADAS-ის საკვანძო ფუნქციები რეალურად ამცირებს შეჯახებების რაოდენობას.