აშშ, გაყიდვები, ჰიბრიდული, ჰიუნდაი, ფორდი, ჯენერალ მოტორსი, ტოიოტა, ჯიემი
Aa
Aa

Hyundai მალე Ford-ს აშშ-ში გაყიდვებით გადაასწრებს

Cox Automotive-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი პროგნოზის თანახმად, სამხრეთკორეული ავტოგიგანტი Hyundai Motor-ი კვარტალური გაყიდვების მაჩვენებლით ისტორიაში პირველად გაუსწრებს Ford-ს. ანალიტიკოსები ელია, რომ Hyundai-ს გაყიდვები ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდება და 511 421 ერთეულს მიაღწევს. ამავე პერიოდში Ford-ის გაყიდვების 7.1%-იანი კლებაა ნავარაუდები (504 172 რეალიზებული ავტომობილი). ეს ცვლილება კორეულ ავტომწარმოებელს აშშ-ის ბაზარზე მესამე ყველაზე გაყიდვად ავტომწარმოებლად აქცევს General Motors-ისა და Toyota-ს შემდეგ. 

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

ბაზარზე ლიდერთა სიის ცვლილება ახალი ავტომობილების მოთხოვნის საერთო ზრდას ემთხვევა. Cox Automotive-მა 2026 წლის აშშ-ის ბაზრის ჯამური გაყიდვების პროგნოზი 2%-ით გაზარდა და 16.1 მილიონ ერთეულამდე ასწია. პროგნოზის საპასუხოდ Ford-ში განაცხადეს, რომ აგვისტოს მონაცემებით ისინი ჯერ კიდევ უსწრებენ Hyundai-ს. ამასთან, დეტროიტულმა გიგანტმა ყურადღება გამახვილა სამხრეთ კორეიდან იმპორტირებული ავტომობილების მკვეთრ ზრდაზე:

„ტარიფების, ვალუტის კურსის, სამუშაო ძალის ღირებულებისა და მომარაგების ჯაჭვების გამო, დღეს ავტომობილის კორეაში წარმოება ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე აშშ-ში — სადაც Ford-ი იმაზე მეტ ავტომობილს აწყობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწარმოებელი“, — ვკითხულობთ „ლურჯი ოვალის“ ოფიციალურ განცხადებაში.

Hyundai (რომელშიც ასევე შედის ლუქს-ბრენდი Genesis და კომპანია Kia) მიმდინარე წელს ამერიკულ ბაზარზე პოზიციებს აგრესიულად იმყარებს. Ford-ს კი სერიოზული პრობლემები შეექმნა თავისი მთავარი პროდუქტის — F-Series პიკაპების წარმოებაში გასულ წელს მომწოდებელთა ქარხნებში გაჩენილი ხანძრების გამო, რამაც მიწოდების ჯაჭვი დაარღვია.

პიკაპების წარმოების შეფერხების გარდა, Cox-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Ford-ისა და GM-ის გაყიდვებს ჰიბრიდული ავტომობილების ნაკლებობა აფერხებს. საწვავის გაზრდილი ფასების ფონზე, აშშ-ში ჰიბრიდებზე მოთხოვნა კოლოსალურად იზრდება. GM ჰიბრიდულ ძრავს მხოლოდ Corvette-ის მოდელში სთავაზობს მომხმარებელს, ხოლო Ford-ის ჰიბრიდული ხაზი მხოლოდ Maverick-ითა და F-150-ით შემოიფარგლება.

ჰიბრიდების სეგმენტის ლიდერი Toyota კი სულ უფრო ამცირებს დისტანციას ბაზრის პირველ ნომერ General Motors-თან. პროგნოზის მიხედვით, მესამე კვარტალში GM-ის გაყიდვები 5.2%-ით შემცირდება (671 706 ერთეული), ხოლო Toyota 2.2%-იან ზრდას დაფიქსირებს (642 707 ერთეული). წლიურ ჭრილში Toyota GM-ს 121 100 ერთეულზე ნაკლები ავტომობილით ჩამოუვარდება. თუ Toyota GM-ის გადასწრებას შეძლებს, ეს იქნება ისტორიაში მეორე შემთხვევა, როდესაც იაპონურმა ბრენდმა ამერიკულ გიგანტს წლიური გაყიდვებით აჯობა (პირველად ეს 2021 წელს, პანდემიური კრიზისის დროს მოხდა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები