კალიფორნიის საგზაო პატრულმა ავტოპარკს უკანასკნელი Chevy Camaro დაუმატა
აშშ-ის პოლიცია დამნაშავეების დევნისთვის Chevrolet-ს ავტომობილებს უკვე თითქმის 100 წელია იყენებს, თუმცა მათ შორის Camaro ყოველთვის ყველაზე აგრესიულ და სწრაფ მოდელად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიული მასლქარის წარმოება რამდენიმე წლის წინ დასრულდა, Camaro-ს საპატრულო ეკიპაჟები ამერიკის გზატკეცილებზე დღემდე აქტიურად გამოიყენება.

ამ კვირაში Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით, კალიფორნიის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ავტოპარკს ოფიციალურად შეემატა უკანასკნელი Chevrolet Camaro, რომელიც აღჭურვილია პოლიციის მანქანისთვის საჭირო ყველა სპეციალური დეტალით. ვიზუალურად ეს მოდელი SS 1LE ვერსიას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ფლორიდის პოლიციის Corvette-ვით ეგზოტიკური არ იყოს, ადგილობრივ ავტომაგისტრალებზე პატრულირებისთვის მისი სიმძლავრე სრულიად საკმარისია.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ დასჭირდა ამ კონკრეტულ ეგზემპლარს პოლიციის რიგებში ჩადგომისთვის ასე დიდი დრო. შესაძლოა, CHP-მ ის რამდენიმე წლის წინ ჩაიბარა, ინახავდა და შესაფერის მომენტს ელოდა. მეორე ვერსიით, შესაძლოა ეს ავტომობილი სამართალდამცველებს კონფისკაციით ერგოთ დანაშაულის ჩადენისას დაკავებული პირისგან.
პოლიციის აღჭურვილობა და ტექნიკური მახასიათებლები
გარდა იმისა, რომ Camaro კალიფორნიის პატრულის ტრადიციულ შავ-თეთრ ფერებშია შეღებილი, მას დამატებული აქვს წითელი და ლურჯი ციმციმები ცხაურაში, გვერდებსა და სახურავზე. გარდა ამისა, მასიური ანტენა, რომელიც ავტომობილს 70-იანი წლების რეტრო-იერს სძენს.

შესამჩნევია წითელი სამუხრუჭე სუპორტებიც, რომლებიც მაღალ წარმადობაზე მიანიშნებს. კაპოტის ქვეშ იმალება 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული LT1 V8 ძრავი, რომელიც 455 ცხენის ძალასა და 617 ნიუტონს გამოიმუშავებს. ამ მონაცემებით ლეგენდარულ მასლქარს ყველაზე თავზეხელაღებული დამნაშავის დაწევაც კი არ გაუჭირდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიცია კამაროს ათწლეულების განმავლობაში იყენებდა. კალიფორნიის პატრულმა პირველი Z28 მოდელი ჯერ კიდევ 1979 წელს მიიღო და Ford Mustang-ზე გადასვლამდე 12-მდე ასეთი ავტომობილისგან შემდგარი ავტოპარკი გამოცადა.

1991 წელს Chevrolet-მა მესამე თაობისთვის სპეციალური საპოლიციო პაკეტი — B4C Special Service წარადგინა. მასში შედიოდა გაძლიერებული წინა და უკანა სტაბილიზატორები, უფრო მძლავრი გენერატორი და ძრავისა თუ გადაცემათა კოლოფის გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა. 2002 წლიდან კი ამერიკის გზებზე მეოთხე თაობის Chevy Camaro B4C პატრულები გამოჩნდნენ, რომლებიც მძლავრი 5.7-ლიტრიანი V8 ძრავით იყვნენ აღჭურვილნი. იმ პერიოდში ეს მოდელები ამერიკულ პოლიციაში ყველაზე სწრაფ და საშიშ დევნის ავტომობილებად ითვლებოდნენ.