Mercedes-Benz-ი 2027 წლისთვის ამ სამი მოდელის წარმოებას წყვეტს
2027 წლისთვის Mercedes-Benz-ი საკუთარი ავტომობილების საწარმოო ხაზს ამცირებს. როგორც ცნობილი ხდება, მომავალი წლიდან, გერმანული კომპანია სულ მცირე სამ მოდელს აღარ გამოუშვებს. ცვლილებები განსაკუთრებით ელექტრომობილების მიმართულებას შეეხება. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ელექტრო და შიგაწვის ძრავის მქონე მოდელების ხაზების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას გეგმავს.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „მერსედესს“ ოდესმე შეუქმნია
გერმანული კომპანიის წარმომადგენელმა Car and Driver-თან დაადასტურა, რომ Mercedes-ის 2027 წლის საწარმოო ხაზიდან EQE Sedan-ი მოიხსნება, მათ შორის მისი AMG ვერსია, ასევე შეწყდება Mercedes-AMG S63 E Performance-ისა და Mercedes-Maybach EQS 680 SUV-ის წარმოება.

Mercedes-Benz EQE თავდაპირველად E-Class-ის სრულად ელექტრო ალტერნატივად შეიქმნა. მისი დიზაინი კი ტრადიციული შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
თუმცა ახლა Mercedes-Benz-ი ელექტრომობილებისთვის სტრატეგიას ცვლის. გერმანული ავტომწარმოებელი უკვე უშვებს ელექტრო CLA-ს, ხოლო მომავალში ელექტრო C-Class-იც გამოჩნდება. ამის ფონზე, გამოდის, რომ EQE-ის ცალკე მოდელად არსებობის საჭიროება თითქმის აღარ არსებობს.
EQE Sedan-თან ერთად წარმოებიდან მოიხსნება მისი Mercedes-AMG ვერსიაც.

დამატებით, 2027 წლიდან წარმოებიდან გაქრება AMG S63 E Performance. ეს მოდელი 4-ლიტრიან ტვინტურბო V8 ძრავას plug-in ჰიბრიდულ სისტემასთან აერთიანებს. შედეგად, მისი ჯამური სიმძლავრე 791 ცხენის ძალას აღწევს, ხოლო მაბრუნი მომენტი — 1 430 ნიუტონმეტრს.
S63-ის წარმოების შეწყვეტა S-Class-ის სპორტულ ვერსიებს შორის გარკვეულ სიცარიელეს დატოვებს. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ Mercedes-ი V8 ძრავებზე უარის თქმას არ გეგმავს. კომპანია კვლავ ავითარებს შიგაწვის ძრავებს AMG-ის ავტომობილებისთვის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში S63-ის სახელწოდების დაბრუნება, უკვე სხვა ტიპის ძალური აგრეგატით, გამორიცხული არაა.
ამ ეტაპზე Mercedes-Benz-ს S63-ის პირდაპირი შემცვლელი ოფიციალურად არ წარუდგენია.

2027 წლიდან წარმოებიდან იხსნება ელექტრო Maybach-იც — Mercedes-Maybach EQS 680 SUV. ეს უკანასკნელი Mercedes-Maybach-ის ყველაზე ძვირად ღირებული და მდიდრული ელექტრომობილი იყო. მოდელი სტანდარტული EQS SUV-ის ელექტროძალოვან სისტემას იყენებდა, თუმცა სხვა ელექტრომობილებისგან Maybach-ისთვის დამახასიათებელი დიზაინი, მდიდრული ინტერიერი და მასალები გამოარჩევდა. თუმცა სამომავლოდ Mercedes-ი ელექტრო Maybach-ის შექმნას არ გამორიცხავს.