ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა, რის შედეგადაც აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ძველი, დაზიანებული ხიდის სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების რკინაბეტონის ახალი ხიდი აშენდა.
ძველი, 64 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდი ბოლო პერიოდში მძიმედ იყო დაზიანებული, რის გამოც მასზე გადაადგილება საფრთხეს შეიცავდა, ხშირად იზღუდებოდა მძიმე ტრანსპორტის მოძრაობაც.
ახალი პროექტის ფარგლებში:
— აშენდა ახალი რკინაბეტონის ხიდი;
— მოეწყო საფეხმავლო ტროტუარი (რომელიც ძველ ხიდს არ ჰქონდა) და ლითონის მოაჯირები;
— დამონტაჟდა გარე განათების ბოძები და დაიხაზა გზა;
— მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ხოლო საჰაერო სადენები მიწისქვეშა საკაბელო არხებში განთავსდა.
პროექტი, რომლის საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა, თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.