კვლევა, სერვისი, ტექნოლოგიები, ავტომობილის შეკეთება
Aa
Aa

ახალი კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური პროგრესი ავტომობილის შეკეთების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის

თანამედროვე ავტომობილები ბორტკომპიუტერებსა და თვლებს შორის მოქცეულ რთულ მოწყობილობებს სულ უფრო მეტად ემსგავსება, რაც ხშირად ძალიან კომფორტულიცაა. თუმცა, ტექნოლოგიურ ნახტომს თავისი ფასიც აქვს — ავტოსერვისები იძულებულნი არიან, ათობით ათასი დოლარი დახარჯონ ლიცენზირებულ პროგრამებსა და აპარატურაში. შედეგად კი, ეს ხარჯები პირდაპირ ავტომობილის მფლობელების ჯიბეზე აისახება.

სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტომდე აშშ-ში ავტომობილი შეკეთების ღირებულება დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. თუ ადრე ოსტატს ძირითადად მექანიკური ინსტრუმენტების ნაკრები სჭირდებოდა, დღეს უმარტივესი სამუშაოც კი კომპიუტერთან არის დაკავშირებული.

„ყოველ წელს მწარმოებლები ცვლიან სისტემებს და ეს სულ უფრო მეტი ჯდება. საბოლოო ჯამში კი, ეს ფინანსური ტვირთი ისევ მომხმარებელზე გადადის“, — აცხადებს ბრუკლინში მდებარე ავტოსერვისის მფლობელი, რიჩარდ ცაისლერი.

AAA-ის ავტომობილების ინჟინერიის დირექტორის თქმით, დამოუკიდებელ სერვისებს სულ უფრო უჭირთ ყველა მარკისა და მოდელის მომსახურება. დიაგნოსტიკისა და შეკეთებისთვის ხშირად კონკრეტული ბრენდისთვის განკუთვნილი ლეპტოპები და ყოველთვიური თუ ყოველწლიური ფასიანი გამოწერებია საჭირო.

ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია მართვის დამხმარე თანამედროვე სისტემები. თუ ადრე საქარე მინის გაბზარვისას უბრალოდ ახალს უკვეთავდნენ და ცვლიდნენ, დღეს მინის უკან განთავსებული კამერებისა და სენსორების ზუსტი კალიბრაციაა საჭირო. AAA-ს 2023 წლის კვლევით, ADAS სისტემების კალიბრაცია საგზაო ინციდენტის შემდეგ ავტომობილის აღდგენის ღირებულებას საშუალოდ 37.6%-ით ზრდის.

„თუ საქარე მინის შეცვლის შემდეგ კამერას სწორად ვერ დავაკალიბრებთ, ავტომობილმა შესაძლოა გზაზე უეცრად, მიზეზის გარეშე დაამუხრუჭოს და ავარია გამოიწვიოს. ასეთ რისკზე ვერცერთი სერვისი ვერ წავა“, — განაცხადა ცაისლერმა.

ტექნოლოგიური სირთულეები ეხება ისეთ ტრადიციულ პროცედურებსაც, როგორიცაა ზეთის შეცვლა. მდიდრული კლასის ავტომობილებზე ზეთის მაჩვენებლის გასანულებლად უბრალოდ ღილაკზე დაჭერა საკმარისი აღარ არის. ხელოსანს უწევს იყიდოს სპეციალური პროგრამული წვდომა, რათა ავტომობილის ბორტკომპიუტერს მაჩვენებლის განახლება აიძულოს. მაგალითად, 400-დოლარიანი სერვისისას, მხოლოდ პროგრამულ წვდომაში ოსტატს დამატებით 75 დოლარის გადახდა უწევს.

ასევე იხილეთ: რა განსხვავებაა ქარხნულ და არაქარხნულ ნაწილებს შორის?

ექპერტების თქმით, პრობლემა პროგრამებზე წვდომის ასტრონომიული ფასი და სირთულეა. სწორედ ამიტომ, აშშ-სა და ევროპაში სულ უფრო აქტიურდება საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა მიზანიც მწარმოებლების დავალდებულებაა, რომ დამოუკიდებელი სერვისები და მომხმარებლებისთვის საჭირო მონაცემები გონივრულ ფასად გასცენ. თუმცა, სანამ საკანონმდებლო დონეზე საბოლოო ბალანსი მიიღწევა, ავტომობილის მფლობელებს ტექნიკურ მომსახურებაში სულ უფრო სოლიდური თანხების გადახდა მოუწევთ. სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან ეს ტენდენცია საქართველომდეც მოაღწევს...

მსგავსი სიახლეები