ჰიბრიდი, ევროკავშირი, ჩინეთი, ავტოექსპორტი
Aa
Aa

ჩინეთის უარი ევროპის კავშირს | პეკინი ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტს არ შეზღუდავს

ჩინეთი ევროპის კავშირის თხოვნას არ დათანხმდა: ეს ნიშნავს, რომ პეკინმა ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტის ნებაყოფლობით შეზღუდვაზე ბრიუსელს „მტკიცე“ უარი უთხრა. ამის საპასუხოდ, როგორც გამოცემა Financial Times-ი წერს, ევროპული ბლოკი შესაბამის ზომებზე მუშაობს, მათ შორის, ჩინეთიდან ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე დროებითი კვოტების დაწესებას განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

თავდაპირველად, ბლოკმა ჩინეთს შესთავაზა, ევროპულ ბაზარზე ჩინური ჰიბრიდების წილი დაახლოებით 15%-მდე დაეყვანა. ამჟამად ეს მაჩვენებელი მესამედზე მეტია, რაც, რასაკვირველია, ევროპისა და შიდა წარმოებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ შეთავაზებით ევროპის კავშირის მიზანი იყო, ჩინური ავტომობილებისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების აუცილებლობა აღარ ჰქონოდა.

თუმცა პეკინის უარის შემდეგ ევროპის კომისია ახლა დამატებითი, შიდა ინდუსტრიის დასაცავად საჭირო ზომების შემოღებას განიხილავს. თანაც, ამ მექანიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელი არც იმის დამტკიცებაა, რომ სავაჭრო პარტნიორი მათ უსამართლო კონკურენციის პირობებში აყენებს.

შემუშავებული გეგმით, ჩინური ჰიბრიდების განსაზღვრული რაოდენობა ევროპული ბლოკის ბაზარზე სტანდარტულად მოხვდება, ხოლო დარჩენილი რაოდენობა, რაც უკვე ზღვარს მიღმა იქნება, მაღალი ტარიფებით დაიბეგრება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, დამცავი ზომები იმპორტიორი ქვეყნების მიმართ არადისკრიმინაციულად უნდა გამოიყენებოდეს. შესაბამისად, შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს სხვა მომწოდებლებსაც, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოს, სამხრეთ კორეასა თუ იაპონიას. ამ ქვეყნებისთვის კი კვოტების განსაზღვრისას, სავარაუდოდ, წარსულში მათი საექსპორტო რაოდენობა იქნება გათვალისწინებული.

ჰიბრიდული ავტომობილების საკითხზე უთანხმოებას წინ ბლოკის გადაწყვეტილება უძღოდა — ჩინურ ელექტრომობილებზე დამატებით, 35%-მდე საკომპენსაციო ტარიფები დაეწესებინა. ცნობისთვის, ეს გადასახადები იმპორტზე ისედაც მოქმედ სტანდარტულ 10%-იან ტარიფს ემატება.

ამის საპასუხოდ, პეკინმა ევროპულ კონიაკზე, ღორის ხორცსა და რძის პროდუქტებზე ანტიდემპინგური ზომები შემოიღო. მისმა ამ გადაწყვეტილებამ კი ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებული ისედაც მძიმე სავაჭრო დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.

ევროპელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უფრო ფართომასშტაბიანი სავაჭრო კონფლიქტის შესაჩერებლად ავტომობილების სექტორში უთანხმოების მოგვარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათივე შეფასებით, ჩინეთთან ევროპის კავშირის ყოველდღიური სავაჭრო დეფიციტი, რომელიც დაახლოებით 1 მილიარდ ევროს შეადგენს, გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. ყველაფერი კი მხარეებს შორის დანიშნულ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის კავშირი ჩინეთს სთხოვს, ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტი საკუთარი ნებით შეზღუდოს
ევროპის კავშირი ჩინეთს სთხოვს, ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტი საკუთარი ნებით შეზღუდოს