ჟანგიანი იერი მხოლოდ შენიღბვაა | რეალური სიურპრიზი კი კაპოტის ქვეშ იმალება
ერთი შეხედვით, ეს 2000 წლის მეხუთე სერიის BMW Touring-ი ისე გამოიყურება, თითქოს წლები ჭაობში გაატარა და ჟანგმაც თავისი საქმე გააკეთა. სინამდვილეში კი მისი გაცვეთილი იერი მხოლოდ სპეციალური შეფუთვის ეფექტია, ხოლო ამ გერმანული ავტომობილის ქვეშ მძლავრი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავი იმალება.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას?
E39-თაობის მეხუთე სერია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად მიიჩნევა, როგორც თავისი დიზაინის, ასევე გამძლე კონსტრუქციის გამო. ამ მოდელის ყველაზე მძლავრი ვერსია M5 გახლდათ, თუმცა სტანდარტულ მოდელებს შორის გამორჩეული ადგილი მაინც V8 ძრავით აღჭურვილ 540i-ს ეკავა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სასურველი უნივერსალის ძარის მქონე Touring-ის ვერსიით იყო.

სწორედ მსგავსი ტიპის მოდელი გაერთიანებულ სამეფოში ახლა გასაყიდადაა გამოტანილი. BMW-ის ქარხნის დატოვების შემდეგ სულ ცხრა მფლობელი ჰყავდა და 286 000 კილომეტრამდე უკვე დაფარული აქვს. მიუხედავად ასაკისა და მისი მაღალი გარბენისა, ეს ჟანგიანი საფარი, რასაც ხედავთ, რეალობას არ ასახავს.
ძარაზე ჟანგის ეფექტის მქონე სპეციალური ფირი BMW-ის წინა მფლობელმა გადააკრა. ეს ფირი კი იმდენად რეალისტურია, რომ მხოლოდ კარგად დაკვირვების შემდეგ თუ შეამჩნევთ ერთ დეტალს: ჟანგის ეფექტი პლასტმასის ბამპერებზეც გრძელდება.

უჩვეულო გარეგნობის მიუხედავად, BMW-ს თავისი ელეგანტური პროპორციები შენარჩუნებული აქვს. ეს განახლებული 540i M Sport-ია, რომელსაც M5-ის სტილის წინა ბამპერის ჰაერის შემშვები ღიობები და ორმაგი გამონაბოლქვი მილების მქონე უკანა ბამპერი აქვს.
მაღალი გარბენისა და ასაკის მიუხედავად, ქვიშისფერი სალონი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ჩანს. ხის დეკორატიული დეტალები და M Sport-ის საჭეც კარგადაა შენარჩუნებული, თუმცა მძღოლის სავარძელზე ტყავის საფარი ნამდვილად გამოცვლას საჭიროებს.

ელექტრორეგულირებადი წინა სავარძლები, კლიმატკონტროლი, პარკირების სენსორები და ელექტრორეგულირებადი სარკეები მიგვანიშნებს, რომ 2000-იანი წლების სტანდარტებისთვის ეს მოდელი საკმაოდ მდიდრულად იყო აღჭურვილი. შენარჩუნებულია კასეტიანი აუდიოსისტემა, რაც ნოსტალგიურ განწყობას ქმნის.
მთავარი მაინც ამ მოდელის კაპოტის ქვეშ დამალული ატმოსფერული 4.4-ლიტრიანი M62 V8 ძრავია, რომლის სიმძლავრე 282 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 441 ნმ-ს აღწევს. E39-ისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძრავა გახლდათ. მას მხოლოდ M5-ის 4.9-ლიტრიანი V8 აღემატებოდა — 394 ცხენის ძალითა და 500 ნიუტონმეტრი მაბრუნი მომენტით.

მოდელი ახლა თავისი ტექნიკური მომსახურების სრული დოკუმენტაციითა და ახლად შეცვლილი საბურავებით eBay-ზე გასაყიდადაა გამოტანილი. მისი ფასი კი დაახლოებით $7 350-ია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს