ფორდი, ფორდ მუსტანგი, ფორდ მუსტანგი შელბი, მიტოვებული ავტომობილები
Aa
Aa

57 წლის გაუხსნელ მისაბმელში შესაძლოა Playboy-ს მოდელის უნიკალური Shelby აღმოაჩინეს

ამერიკელმა მამაკაცმა 57 წლის განმავლობაში ხელუხლებელი მისაბმელი გახსნა და მასში 1969 წლის უიშვიათესი Shelby GT500 აღმოაჩინა, Playboy Pink-ის დიზაინით.

57 წლის განმავლობაში გადაკარგული Shelby-ს აღმოჩენის ვიდეო YouTube-არხმა Mopars5150-მა გამოაქვეყნა. ხელუხლებელ მისაბმელში Ford-ის იშვიათი მოდელის პოვნამ იუთუბერი ისე გააკვირვა, რომ საკუთარ თვალებსაც არ უჯერებდა. გასაკვირი იყო ის ფაქტიც, რომ ამ პერიოდის გასვლის მიუხედავადაც, მოდელს ბევრი ქარხნული დეტალიც კი შენარჩუნებული ჰქონდა.

მართალია, გამოქვეყნებულ ვიდეოში ავტომობილი სრულად არაა ნაჩვენები, თუმცა კადრებიდან შეიძლება ითქვას, რომ საქმე პირველი თაობის Ford Mustang-თან გვაქვს. წესით, პირველი თაობის Mustang-ის დანახვა არავის უნდა გაკვირვებოდა, რადგან ეს მოდელები კოლექციონერებისთვის კარგადაა ცნობილი. თუმცა მოდელის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვიდეომასალის შესწავლით ირკვევა, რომ ჩვენი მთავარი გმირი ვარდისფერი Mustang-ია, ამ მოდელის ერთ-ერთი უიშვიათესი ვერსია.

ასეთ ავტომობილებს ხშირად Pink Lady-ს სახელით მოიხსენიებენ. კონკრეტულად მისაბმელში აღმოჩენილი მოდელი კი Playboy Pink-ის სახელით ცნობილი ვარდისფერი დიზაინითაა შესრულებული. მოდელის განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ავტომობილი არა ერთი რიგითი Mustang-ი, არამედ 1969 წლის Shelby GT500-ია.

რატომ არის ვარდისფერი Shelby GT500 ასეთი განსაკუთრებული?

ამ დროისთვის YouTube-არხის ავტორს Ford-ის აღმოჩენის სრული ვიდეო არ გამოუქვეყნებია. თუმცა, თუ ავტომობილი ნამდვილად Playboy Pink-ის ორიგინალური Shelby GT500-ია, ეს ამერიკული საავტომობილო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ამ შეფერილობის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობდა. ვარდისფერი Shelby GT500 1969 წელს Playboy-ს წლის საუკეთესო მოდელს, კონი კრესკის, გადასცეს. თუმცა მოგვიანებით ის დაიკარგა და დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ის მიიჩნეოდა ერთადერთ Playboy Pink GT500-ად.

Mopars5150-ის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი მიანიშნებს, რომ მისაბმელში აღმოჩენილი ავტომობილი შესაძლოა სწორედ კრესკის Shelby იყოს. თუმცა ჯერ ამის ოფიციალური დასტური არ გვაქვს. დადასტურების შემთხვევაში კი ეს მოდელი განსაკუთრებულად მაღალი ღირებულების საკოლექციო მოდელად იქცევა, იმის მიუხედავადაც, რომ რესტავრაციამდე ჯერ ბევრი უკლია.

საინტერესოა ისიც, რომ ვარდისფერი საღებავი ავტომობილის ზედაპირის სხვა ფენის ქვეშაც ჩანს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ Playboy Pink-ი მისი თავდაპირველი შეფერილობა იყო, მოგვიანებით კი ავტომობილი სხვა ფერში გადაღებეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები