ქარხანა, ბიუაიდი, ჩინური ელექტრომობილები, ბივაიდი
Aa
Aa

BYD-ი ელექტრომობილების ქარხნის გახსნას უნგრეთის შემდეგ საფრანგეთშიც აპირებს

ცოტა ხნის წინ BYD-მა გაამხილა, რომ საფრანგეთში მდებარე Ineos-ის საწარმოო ობიექტის შესასყიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს ობიექტი კომპანიის მეორე სამგზავრო ავტომობილების ქარხანა გახდება ევროპაში, უნგრეთის ქალაქ სეგედში მშენებარე ქარხანასთან ერთად, რომელმაც მასობრივი წარმოება 2027 წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს.

ასევე იხილეთ:  როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს? 

განცხადებაში BYD-მა დასძინა, რომ ნებისმიერი გარიგება ადგილობრივ შრომით საბჭოსთან კონსულტაციებს დაექვემდებარება. ჩინურმა კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ სურს მხარი დაუჭიროს ადგილობრივ სამუშაო ადგილებს და ქარხანაში გააგრძელოს ავტომობილების წარმოება, რომლებიც სპეციალურად „ევროპელი მძღოლების პრიორიტეტების გათვალისწინებით“ იქნება შექმნილი. 

„ევროპის მიმართ ჩვენი მიზნები გრძელვადიანია. ჰამბახში დაგეგმილი ინვესტიცია ასახავს ჩვენს ნდობას საფრანგეთის მიმართ და ამბიციას, გავაგრძელოთ ზრდა ევროპაში. გვსურს, ევროპელ მომხმარებლებს შევთავაზოთ არჩევანი საფრანგეთში აწყობილ ავტომობილებზე, რომლებიც ჩვენს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს ელექტრომობილების სფეროში მათთან უფრო ახლოს მიიტანს“, — განაცხადა BYD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სტელა ლიმ.

მიმდინარე წლის დასაწყისში BYD-ის სპეციალურმა მრჩეველმა ევროპის საკითხებში, ალფრედო ალტავილამ გაამხილა, რომ კომპანიას რეგიონში სამი საწარმოსა და ერთი ბატარეების ქარხნის გახსნა სურს. მისი თქმით, BYD-ი ევროპაში არასრული დატვირთვით მომუშავე ქარხნებს ეძებდა, ნაცვლად იმისა, რომ ახლები ნულიდან აეშენებინა. Ineos-ის გადასვლა ევროპიდან აშშ-ში, როგორც ჩანს, BYD-ს იდეალურ შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს უკვე ფუნქციური ქარხანა, რომლის ადაპტირებაც მის საწარმოო პროცესებთან სწრაფად იქნება შესაძლებელი. Ineos-მა ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციური ლოკაციები შეარჩია აშშ-ში და ადგილობრივი წარმოების დაწყებას 2028 წლამდე არ ელის, ამიტომ მომავალ წელს Grenadier-ების აწყობა კვლავ საფრანგეთში მოუწევს.

ეს ერთადერთი ჩინური ბრენდი არ არის, რომელიც ევროპაში საწარმოო პოზიციების გაფართოებას ცდილობს. GAC-ი მოდელებს — Aion V-სა და Aion UT-ს ავსტრიაში, Magna Steyr-ის ქარხანაში აწარმოებს. MG ასევე დებს 200 მილიონი ევროს ინვესტიციას ესპანეთში, გალისიაში ახალი ქარხნის დასაარსებლად, რომელიც წელიწადში 120 000-მდე ავტომობილს გამოუშვებს. კიდევ ერთი ჩინური ბრენდი Leapmotor-ი ასევე ადგილობრივად აწყობს მანქანებს Stellantis-თან ერთად, ხოლო Geely ავტომობილებს ესპანეთში, ვალენსიაში მდებარე Ford-ის ქარხანაში ააწყობს და ამ პროცესს სრულიად ელექტრო EX2-ით დაიწყებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მორიგი სიგიჟე: BYD-ის SUV-მა Boeing 747 მხოლოდ 2 ბორბლითა და ელექტროენერგიით გაათრია
    მორიგი სიგიჟე: BYD-ის SUV-მა Boeing 747 მხოლოდ 2 ბორბლითა და ელექტროენერგიით გაათრია