ფორდი, ტექნოლოგიები, კოსმოსი, სატელიტი
Aa
Aa

Ford-ი ამიერიდან თანამგზავრებსაც ააწყობს (იმედია, მანქანებზე უკეთ)

Ford-ი კოსმოსურ ინდუსტრიაში შედის. Tesla-სგან განსხვავებით, რომელიც შესაძლოა მალე SpaceX-ს შეუერთდეს, Ford-ის კოსმოსური წამოწყებები უფრო მცირე მასშტაბის იქნება — კოსმოსური სისტემების კონტრაქტორ კომპანია Revolution Space-ში ინვესტიციის გზით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ლურჯი ოვალი“ დედამიწის ფარგლებს გასცდა: კომპანია 1960-იან და 1970-იან წლებშიც თანამშრომლობდა აშშ-ის სამხედრო უწყებასთან, NASA-სა და NATO-სთან და საკომუნიკაციო და მეტეოროლოგიურ თანამგზავრებს აგებდა.

ასევე იხილეთ:  როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია? 

ინვესტიცია Ford-ის შვილობილი კომპანიის, Industrial Platform LLC-ის მეშვეობით განხორციელდა, თუმცა გარიგების ფინანსური დეტალები არ გასაჯაროებულა. Ford-ის განცხადებით, იგი დაეხმარება Revolution Space-ს ახალი კოსმოსური აპარატების ინდუსტრიალიზაციაში და ასევე იმუშავებს ფირმასთან მოწინავე, ახალი თანამგზავრების დაპროექტებაზე, შემუშავებასა და წარმოებაზე.

Future Market Insights-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, Ford-ი დარწმუნებულია, რომ თანამგზავრების წარმოების ბიზნესი სწრაფად გაიზრდება. პროგნოზების მიხედვით, 2035 წლისთვის ეს სექტორი დღევანდელი 22–26 მილიარდი დოლარიდან 87-დან 114 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს. ამხელა ფინანსური პოტენციალის ფონზე გასაკვირი არ არის, რატომ ცდილობს ბრენდი ჰორიზონტების გაფართოებას საავტომობილო სფეროს მიღმა.

„„Ford-ის ძლიერი მხარე რთული პროდუქტების დიდი მოცულობით წარმოებაა — სწორედ ის, რასაც დღეს თანამგზავრების მზარდი ბაზარი მოითხოვს. Revolution Space-ის პარტნიორად გახდომა და კოსმოსისთვის მათი მოწინავე ტექნოლოგიების ინდუსტრიალიზაციასა და მასშტაბირებაზე მუშაობა ჩვენთვის საინტერესო შესაძლებლობაა, მოვახდინოთ ბიზნესის დივერსიფიკაცია მიმზიდველ, სწრაფად მზარდ ბაზარზე.“ — აღნიშნა განცხადებაში Ford-ის სტრატეგიის მთავარმა ოფიცერმა. 

კოსმოსურ რბოლაში ჩართვა არ არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც Ford-მა მიმდინარე წელს ახალი, სწრაფად მზარდი ბაზრების ასათვისებლად გადადგა. ავტომწარმოებელმა მიმდინარე წლის დასაწყისში ახალი ქვედანაყოფი — Ford Energy დააარსა. ეს შვილობილი კომპანია 2027 წლის ბოლოდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაცემთა ცენტრებისთვის, კომუნალური კომპანიებისა და სხვა ინდუსტრიული და კომერციული მომხმარებლებისთვის ენერგიის შემნახველ სისტემებს აწარმოებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    აშშ-ის არმია GM-სა და Ford-ს დამრტყმელი დრონების წარმოებაში დახმარებისკენ მოუწოდებს
    აშშ-ის არმია GM-სა და Ford-ს დამრტყმელი დრონების წარმოებაში დახმარებისკენ მოუწოდებს