2022 წლის Subaru WRX შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს
არაოფიციალურ რენდერებში WRX-ი ახალი Levorg-ის დიზაინერულ შტრიხებს იმეორებს და რა თქმა უნდა უკან უზარმაზარი ფრთა აქვს.
ახალი Subaru WRX მალე გამოჩნდება. STI EJ20 Final Edition-ი ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომელმაც Subaru-ს ტრადიციული 2-ლიტრიანი ძრავების არსებობას წერტილი დაუსვა. მიმდინარე თაობის WRX-იც იმავე გზას გაივლის, რადგან ახალი მოდელის გამოსვლა 2021 წელსაა დაგეგმილი. „რალის“ ახალი სარბოლო ავტომობილის შესახებ ზუსტი ვადები ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.
ახალ WRX-ში, დიზაინერული კუთხით, ფორმების რადიკალური ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა. მისი ცხაურა შესაძლოა ზომაში გაიზარდოს, ხოლო ახალი მაშუქები წინა სარტყელს დაამშვენებს. შეიძლება ითქვას, რომ ახალ მოდელს „ბედნიერი“ გამოხედვა ექნება.
რენდერები 2021 წლის Subaru Levorg Wagon-ის მიხედვით შეიქმნა. ექსკლუზიურად იაპონური ბაზრისთვის განკუთვნილმა Levorg-მა მიგრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განიცადა. როგორც ცნობილია, ახალი თაობის WRX-ი Levorg-ს დაემსგავსება. WRX-ი ძრავის ხუფის ჭრილითა და უზარმაზარი ფრთის გარეშე, ალბათ, არავის წარმოუდგენია, რის გამოც რენდერში აღნიშნულ დეტალზე ყურადღება გამახვილებულია.
მომდევნო თაობის WRX-ი ახალი პლატფორმით აღიჭურვება, რაც Subaru-სა და Toyota-ს ერთობლივი ნამუშევარი იქნება. ასევე მოსალოდნელია, რომ ძრავის ხუფი უფრო დიდ აგრეგატს დამალავს. ძველ 2-ლიტრიან ძრავებს 2.4-ლიტრიანი FA24 ოპოზიტური ძრავა ჩაანაცვლებს, რომელიც Legacy, Ascent-სა და Outback-ში უკვე განთავსებულია. WRX-ის STI ვერსიაში კი აგრეგატმა შესაძლოა 400 ცხენის ძალაც გამოიმუშაოს.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი WRX-ის გამოაშკარავებას 6-დან 12 თვემდე ვადაში უნდა ველოდოთ.