Xiaomi SU7 Ultra-ს მფლობელები თანხის სრულად დაბრუნებას ითხოვენ | რატომ?
Xiaomi SU7 Ultra-ს ასობით მფლობელი ჩინურ კომპანიას თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს. როგორც ირკვევა პრემიუმ კარბონის კაპოტი, ორმაგი საჰაერო მილებით - რომლის დამატებითი ღირებულება $5 800-ს შეადგენს - სინამდვილეში მხოლოდ დეკორატიული ხასიათისაა და არა ფუნქციური გამოყენების, როგორც ეს რეკლამაში იყო ნათქვამი.
დავა 2025 წლის მაისში დაიწყო, როდესაც რამდენიმე საავტომობილო ბლოგერმა „კარბონის კაპოტზე ორმაგი საჰაერო მილის“ ტესტირებები ჩაატარეს. დამატებით ფუნქციას, Xiaomi-მ რეკლამირება გაუკეთა, როგორც გამაგრილებელ სისტემას, რომელიც ექსტრემალურად მაღალ ტემპერატურაზეც ავტომობილის მაღალ წარმადობას უზრუნველყოფდა. თუმცა, ტესტირებების შედეგებმა სრულად განსხვავებული რეალობა აჩვენა.
ბლოგერების ინფორმაციით, საჰაერო მილები ჰაერის ნაკადის ეფექტს პრაქტიკულად არ ქმნიდა, ერთ-ერთმა ბლოგერმა კი, ტესტირებისას, ვენტილატორის მახლობლად ხელსახოცები განალაგა. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ვენტილატორი კაპოტისკენ იყო მიმართული ხელსახოცები არ მოძრაობდა.
შემდგომმა შემოწმებებმა აჩვენა, რომ ორმაგი საჰაერო მილები ეფექტიანად ვერც მუხრუჭების გაგრილებას უზრუნველყოფდნენ და არც დამწოლ ძალას ზრიდნენ, როგორც ამას კომპანია მყიდველებს რეკლამაში ჰპირდებოდა.
7 მაისის საღამოს, Xiaomi Motors-მა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და აღიარა, რომ კაპოტის ფუნქციონალურობასთან დაკავშირებით მათი კომუნიკაცია ბუნდოვანი იყო. Xiaomi-ის განცხადებით, კაპოტისთვის მსგავსი სტილის დიზაინი ძირითადად პროტოტიპი ავტომობილის დიზაინის გასამეორებლად იყო შექმნილი. Xiaomi-მ განმარტა, რომ SU7 Ultra-ს წარმოების ადრეულ გეგმებში კარბონის კაპოტის ვარიანტების დამატება არ განიხილებოდა, რადგან ამ მოდელს პროფესიონალური ტრასებისთვის საკმარისი წარმადობა უკვე გააჩნდა.
ბოდიშის მოხდასთან ერთად, Xiaomi-მ კომპენსაციის პაკეტი გამოაცხადა:
- მომხმარებლებს, რომელთაც ავტომობილებზე შეკვეთები აქვთ გაკეთებული, საშუალება აქვთ მოდელი მიღებამდე მისი სტანდარტული ვერსია აირჩიონ.
- მფლობელები და დადასტურებული შეკვეთების მქონე პირები 20 000-ის ქულებს მიიღებენ, რაც დაახლოებით 275 აშშ დოლარის ღირებულებისაა.
თუმცა მომხმარებლების დიდმა ნაწილმა შეთავაზება უარყო. მინიმუმ 300 მფლობელი კი ახალ ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც ავტომობილში გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას ითხოვენ.
„იქნება ეს ცრუ რეკლამა თუ Xiaomi-ს მხრიდან ცუდი კომუნიკაცია, კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის შეცდომებზე, იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლებზე დააკისროს“ - განაცხადა SU7 Ultra-ს მფლობელთა ჯგუფმა ერთობლივ განცხადებაში.