Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  11:51

ეიფელის ემოციური გრან პრი: ჰამილტონის გამარჯვება და ახალი რეკორდები

ეიფელის გრან პრი, ბევრი მიზეზის გამო, გულშემატკივრებისთვის ძალიან ემოციური გამოდგა. ნიურბურგრინზე ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა და ახალი რეკორდები დამყარდა.

სამწუხაროდ, პარასკევს გერმანიაში ძლიერი წვიმის გამო, პირველი პრაქტიკა ვერ ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მიკ შუმახერი „ალფა-რომეოს“ ბოლიდის საჭესთან ვერ ვიხილეთ. თუმცა, ის ნიურბურგრინზე მხოლოდ ამ მიზეზით არ მისულა.

ჰამილტონმა კარიერაში 91-ე გამარჯვება მოიპოვა და მიხაელ შუმახერის რეკორდს გაუთანაბრდა. გამარჯვების შემდეგ, მიკ შუმახერმა ბრიტანელს მამის ერთ-ერთი ჩაფხუტი გადასცა, რაც ბევრი გულშემატკივრისთვის ემოციური მომენტი იყო. ეს ჟესტი შუმახერის ოჯახისგან ძალიან დასაფასებელია. მართალია, მათთვის მიხაელის რეკორდები მნიშვნელოვანია, მაგრამ თვითონ „წითელი ბარონი“ მიიჩნევდა, „რეკორდები იმისთვისაა, რომ მოისხნას“.

„მახსოვს პატარაობაში მიხაელს ვუყურებდი და მის გვერდით დგომაზე ვოცნებობდი. როგორც ჩანს, ოცნებები ხდება“. - თქვა ლუისმა.

აღსანიშნავია, რომ პოლ-პოზიციაზე ვალტერი ბოტასი იდგა. შეიძლება ითქვას, რომ ფინელს უიღბლობა თან სდევს. სამაგიეროდ, უმართლებს ბრიტანელს. ბოტასმა ჯერ შეცდომა დაუშვა, რამაც ლუისს გასწრების საშუალება მისცა. საბოლოოდ, კი მისმა ბოლიდმა ძალა სრულიად დაკარგა და პოზიციის დაბრუნებისთვის ბრძოლაც კი ვერ შეძლო. საინტერესო იყო გუნდის რადიო მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ფინიშის ხაზი გადაკვეთა. მას გუნდმა „რთულ პირობებში“ გამარჯვება მიულოცა. ნიურბურგრინგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტრასაა. ამინდიც პერიოდულად უარესდებოდა და გუნდსაც ეს უნდა ეგულისხმა. მას შემდეგ, რაც მის გუნდელს ბოლიდი გაუფუჭდა, ჰამილტონი უკონკურენტოდ დარჩა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა, რასაც „რთულ პირობებს“ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. 

მეორე ადგილი მაქს ფერშტაპენმა დაიკავა. ახალი რეკორდი მანაც დაამყარა. ყველაზე სწრაფი წრე ნიურბურგრინზე: 1:28.139. ახალგაზრდა პილოტისთვის ეს მართლაც შთამბეჭდავი შედეგია.

ეიფელის გრან პრი წარმატებული გამოდგა „რენოს“ გუნდისთვის და კონკრეტულად დენიელ რიკიარდოსთვისაც. ეს იყო პირველი პოდიუმი „რენოს“ გუნდისთვის მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ში დაბრუნდა და დენიელ რიკიარდოს პირველი პოდიუმი ამ გუნდში.

ეს გრან პრი მნიშვნელოვანი იყო კიმი რაიკონენისთვისაც. მას ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე მეტ 323 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ამ ტრასაზე ბოლო გამარჯვება 2013 წელს სებასტიან ფეტელს ჰქონდა მოპოვებული. ამჯერად, გერმანელი კიდევ ერთხელ დაბზრიალდა. ფეტელმა მიკ შუმახერს ჩაფხუტი აჩვენა, რომელიც 4-გზის მსოფლიო ჩემპიონმა 7-გზის ჩემპიონს მიუძღვნა.

ეიფელის გრან პრი წარმატებული იყო ნიკო ჰულკენბერგისთვისაც. Racing Point-მა ის მონაწილეობის მისაღებად მოულოდნელად გამოიძახა. „ჰალკი“ ტრასამდე თავისი „პორშეთი“ მივიდა, რომელიც, ნიკო როზბერგის თქმით, მან კეკე როზბერგისგან იყიდა. ჰულკენბერგმა გუნდში დროებით ლენს სტროლის ადგილი დაიკავა, რომელიც მოულოდნელად ცუდად გახდა. კორონავირუსის ტესტის და სხვა აუცილებელი პროცედურების გამო, მას პრაქტიკის გამოტოვება მოუწია და პირდაპირ კვალიფიკაციაზე აღმოჩნდა. საბოლოოდ, მან მერვე ადგილი დაიკავა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოიტანა. ამ რბოლის შედეგმა, შესაძლოა, მომავალ სეზონში მასზე მოთხოვნა გაზარდოს.

ამ რბოლას არც სახალისო რადიოს გარეშე ჩაუვლია:

„კიმის ხრეში მომხვდა და თითი ძალიან მტკივა. იმედი მაქვს მოტეხილი არ არის“. - დაიჩივლა რომან გროჟანმა „ჰაასის“ გუნდის რადიოში.

საბოლოოდ, პოდიუმზე ჰამილტონი, ფერშტაპენი და რიკიარდო აღმოჩნდნენ. სამწუხაროა, რომ ამჯერად ავსტრალიელის სტილში აღნიშვნა, ფეხსაცმლიდან შამპანურის დალევა ვერ ვიხილეთ. რბოლის დასრულება ვალტერი ბოტასმა, ლანდო ნორისმა, ალექს ალბონმა, ესტებან ოკონმა და ჯორჯ რასელმა ვერ შეძლეს. ჰამილტონმა კი ცხრილში თავისი ლიდერობა გაზარდა. ახლა ის გუნდელს 69 ქულით უსწრებს. უკვე ვალტერი ბოტასიც კი ხვდება, რომ მას ამ სეზონში გამარჯვებას მხოლოდ „სასწაული“ თუ მოუტანს.

გაზიარება: