საქართველო, მართვის მოწმობის გამოცდა, მართვის მოწმობა
Aa
Aa

დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება

როგორც დაანონსებული იყო, დღეიდან, 15 ივნისიდან, მართვის მოწმობის გამოცდის წესებში ცვლილებები შედის. საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის წესების ცვლილება ეხება როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ გამოცდას — გორსა და ბათუმში კი იცვლება საგამოცდო მარშრუტები.

კონკრეტულად:

დღეიდან თეორიულ გამოცდაზე 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვება იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა პირს ჩაბარებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდოდ განკუთვნილ 30-კითხვიან ტესტირებაში სულ მცირე 25 სწორ პასუხს დააგროვებს. საგამოცდო დრო კვლავინდებურად 30 წუთით განისაზღვრება.

იხილეთ: მართვის მოწმობის აღება მარტივდება, გორსა და ბათუმში იცვლება საგამოცდო მარშრუტები

დამატებით, 2026 წლის 15 ივნისიდან ქალაქის პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი იზრდება:

აქამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე იზრდება. შესაბამისად, უარყოფითი შეფასება კანდიდატს მხოლოდ 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის დაგროვების შემთხვევაში დაეწერება.

ახალი წესის თანახმად, მცირდება ტექნიკური ან ნერვიულობის ნიადაგზე დაშვებული შეცდომების (მაგ., ღვედის შეკვრა და სარკეების გასწორება) გამო გამოცდის ნაადრევად შეწყვეტის რისკი. გამომცდელი ვალდებულია კანდიდატს მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება და დრო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეძლებს წესების დაცვას, მხოლოდ ამის შემდგომ დაფიქსირდება შეცდომა ოფიციალურად.

ასევე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, გორსა და ბათუმში იცვლება მარშრუტებიც. მარშრუტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე —  https://shorturl.at/hLGmB  

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში ცვლილებები შევიდა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებშიც. ახალი წესებით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი. საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება. ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ.

მსგავსი სიახლეები