Genesis-ი აღარ ხუმრობს — კორეული ბრენდი საკუთარი სპორტქარით GT3-ში იასპარეზებს
გასულ ნოემბერში Genesis-მა სერიოზული განაცხადი გააკეთა, როდესაც ულამაზესი სუპერქარი — Magma GT Concept წარადგინა. ბრენდის მთავარმა დიზაინერმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ლუკ დონკერვოლკემ გამოცემა The Drive-თან საუბარში აღნიშნა, რომ ამ მოდელს შესაძლოა იმდენივე ვერსია ჰქონოდა, რამდენიც Porsche 911-ს. დღეს კი კორეული ავტომწარმოებელი სიტყვას საქმედ აქცევს და მის კიდევ უფრო „ცხელ“, სარბოლო ვერსიას — Genesis Magma GT3 Concept-ს წარადგენს.
ავტომობილი ლე-მანის 24-საათიანი რბოლის ფარგლებში შეიქმნა, სადაც Genesis-ი წელს პირველად ასპარეზობს უმაღლეს, ჰიპერქარების კლასში. GT3 ვერსია Hyundai Motorsport-თან თანამშრომლობით შემუშავდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პროტოტიპის სტატუსს ატარებს, ისე გამოიყურება, თითქოს ტრეკზე გასასვლელად უკვე მზად არის.

პრეზენტაციის დროს Hyundai Motorsport-ის ხელმძღვანელმა, სირილ აბიტებულმა განმარტა, რომ GT3 მოდელი სრულყოფს Genesis-ის სარბოლო ეკოსისტემას და კომერციულად გამართლებული პროექტი იქნება, როგორც სარბოლო მანქანა კლიენტებისთვის, რომელიც სხვადასხვა პოტენციურ გუნდებსა და მრბოლელებზე გაიყიდება.
ეს სრულიად ლოგიკური ნაბიჯია, რადგან ავტომწარმოებლის აგრესიულ გეგმებს — გაფართოვდეს ევროპაში და სამხრეთ კორეა გლობალური ავტოსპორტის რუკაზე მოათავსოს — სერიოზული მარკეტინგი და რესურსები სჭირდება. ჰიპერქარების გარდა, სხვა კლასში მოასპარეზე მანქანის შეთავაზება ბრენდს ამ მიზნის მიღწევას საგრძნობლად გაუადვილებს.

„Magma GT Concept და Magma GT3 Concept წარმოადგენენ Genesis-ის დინამიკის ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებულ გამოხატულებას... Magma GT Concept გზებზე ფუფუნებისა და ათლეტიზმის ჩვენეულ ხედვას ასახავს, ხოლო Magma GT3 Concept ამ ფილოსოფიას სარბოლო გარემოში გადააქვს, სადაც თითოეული ელემენტი ორიენტირებულია სიმძლავრეზე, ეფექტურობასა და მიზანზე. ისინი ერთად აჩვენებენ, თუ როგორ იკვლევს Genesis მაღალი სიმძლავრის სრულ სპექტრს — დახვეწილი Grand Touring-იდან დაწყებული, კომპრომისების გარეშე შექმნილი ავტოსპორტით დასრულებული“, — განაცხადა დონკერვოლკემ.

ცნობისთვის, Genesis Magma Racing-ის გუნდმა, რომელიც წელს WEC-ის თავის სადებიუტო სეზონს ატარებს, ქულების მოპოვება უკვე მეორე რბოლაშივე შეძლო, ხოლო შაბათის 24-საათიანი რბოლისთვის საკმაოდ სოლიდური მე-6 და მე-9 სასტარტო პოზიციები დაიკავა.