აშშ, ფეხბურთი, ჯიპი, ჯიპ ვრანგლერი, მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

თუ აშშ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, Jeep-ი 100 ცალ Wrangler-ს გააჩუქებს

თუ თქვენი სახელი და გვარი ოფიციალურად ჯორჯ ვაშინგტონია, თქვენთვის კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს. ცუდი ამბავი ის არის, რომ Jeep Wrangler-ის მოგების ძალიან დაბალი შანსი გაქვთ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ შანსი გაქვთ, Jeep Wrangler-ი მოიგოთ. საკმაოდ მაგარია, არა?

თუმცა, არის ერთი პირობა — თქვენ რომ მოიგოთ, მანამდე ამერიკამ უნდა გაიმარჯვოს — ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე...

„როგორც ამერიკის ყველაზე პატრიოტული ბრენდი, Jeep-ი თავისებურ, წითელ, თეთრ და ლურჯ ელფერს სძენს ამ ზაფხულის ყველაზე დიდ გლობალურ საფეხბურთო ტურნირს. თუ აშშ-ის ნაკრები ამ ზაფხულს მსოფლიოს მწვერვალზე მოექცევა, პირველ 100 დარეგისტრირებულ ამერიკელს, რომელთა იურიდიული სახელი და გვარი ჯორჯ ვაშინგტონია, ექნება შანსი, სახლში ახალი Jeep Wrangler-ით დაბრუნდეს“, — ნათქვამია ამერიკული ავტომწარმოებლის განცხადებაში.

ასე რომ, თუ სახელსა და გვარს შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტთან იზიარებთ, წინასწარ დარეგისტრირებას მოასწრებთ და ამერიკა რაღაც სასწაულით მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, თქვენ ახალთახალი Wrangler-ის მფლობელი გახდებით.

„თუ ამერიკა ყველაფერს მოიგებს და უამრავი ჯორჯ ვაშინგტონი სრულიად ახალი Jeep Wrangler-ებით დაიწყებს სეირნობას, ეს ზუსტად ისეთი ქაოსური პატრიოტიზმია, რომლის ნაწილიც ყოფნა მსურს“, — თქვა კომიკოსმა ილიზა შლეზინგერმა, რომელიც კომპანიის სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობს. „Jeep-ის ბრენდი ყოველთვის ასოცირდებოდა თავისუფლებასთან, თავგადასავალსა და მცირე ამბოხთან, ასე რომ, მთელ ამერიკაში ჯორჯ ვაშინგტონებისთვის Jeep Wrangler-ის მოგების შანსის მიცემა, საუკეთესო გაგებით, აბსოლუტურად გიჟური იდეაა“.

Jeep-ისთვის ეს საკმაოდ უსაფრთხო ფსონია. თუ ფეხბურთის დიდი მოყვარული არ ხართ, სიტუაციას ასე აგიხსნით — ტოტალიზატორები ამერიკის ჩემპიონობაზე კოეფიციენტს სადღაც 60:1-თან აფასებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Jeep-ი, სავარაუდოდ, თავის Wrangler-ებს შეინარჩუნებს და მხოლოდ რეკლამაში მონაწილე მსახიობების ჰონორარების გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები