„პეჟო“ კუპეების სიკვდილის საიდუმლოს ხსნის
ტექნოლოგიურ პროგრესს დააბრალეთ.
თუ ბოლო პერიოდის ავტოინდუსტრიას დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ბაზარზე ძალიან ცოტა ორკარიანი კუპე არსებობს. დედამიწის მეორე ნახევარსფეროში ცდილობენ ასეტი ავტომობილების ბაზრის წილის შენარჩუნებას, ისინი ხომ ისტორიის ნაწილია. როგორ შეიძლება ამერიკა, „მუსტანგების“ ან „კამაროების“ გარეშე წარმოიდგინო?! სამწუხაროდ ევროპაში სიტუაცია უარესია. ხელმისაწვდომი ორკარიანი კუპეების სია არ იზრდება და ახლო მომავალში ვითარება უკეთესისკენ არც შეიცვლება.
ამ ფენომენის შესახებ „პეჟოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ფილიპე იმპარატომ ინტერვიუში ისაუბრა. ბაზრიდან კუპეების გაქრობის ერთ-ერთ მიზეზად იმპარატო კომპანიების შიგნით მათი პროექტების განვითარებისთვის არასაკმარის ინვესტიციებს ასახელებს.

ხელმისაწვდომი ორკარიანი სპორტული ავტომობილების იდეა ძალიან ბევრს მოსწონს. თავად „პეჟოს“ დირექტორმაც კი თქვა, რომ მას „ასეთი ავტომობილები უყვარს, მაგრამ ავტომობილების ბიზნესში მხოლოდ სიყვარულით დიდხანს ვერავინ გაქაჩავს, გაკოტრდება.“
ახალი ტექნოლოგიები განვითარება ავტომწარმოებლებისგან ამ ტექნოლოგიების ავტოინდუსტრიაში იმპლემენტაციას ითხოვს და ამ პროცესების კვლევა და შემუშაება უზომოდ ძვირია. ელექტრომობილების ერა დაიწყო, რომ ვაცხადებთ, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, ჯერ მხოლოდ პირველ საფეხურზე ვდგავართ, მაშინ, როდესაც წინ ასობით, თუ არა ათასობით უცნობით სავსე საფეხურია. მოდელების ელექტრონიზირება, ენერგიის გამომუშავების უფრო სუფთა წყაროების შემუშავება, მეტად ტევადი ბატარეები და ავტონომური ავტომობილების ტექნოლოგია - ამ ყველაფრის შესწავლა ახლახანს დაიწყეს და მარტივი, მომხიბლელი და ხელმისაწვდომი კუპეების შემუშავებისთვის ზედმეტი თანხა არავის აქვს და იმპარატოს თქმით, მომავალი ათწლეულის განმავლობაში არც ექნება.
თანამედროვე მომხმარებელი უფრო დიდი ავტომობილების ყიდვისკენ არის მიდრეკილი, რაზეც სედანების, კუპეების და სხვა პატარა ავტომობილების გაყიდვების ნეგატიური ტენდენცია მეტყველებს. ზოგიერთი ავტომწარმოებელი სრულიად SUV-ების გაყიდვებზე გადაირთო და წლევანდელი სამოდელი რიგებიდან სედანები საერთოდ ამოშალეს. ლეგენდარული Chevrolet Camaro-ს გაყიდვებიც შემცირდა და ამ კლების ფონზე „ჯენერალ მოტორსში“ ჭრები დადის, რომ მომავალში „კამაროს“ წარმოება კვლავ რამდენიმე წლით შეჩერდება.

Chevrolet Nova, 2020
ნუ მოიწყინეთ, იმედი ყოველთვის არსებობს. ახლა კროსოვერ/SUV-ების ყოლა - ტრენდია და როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ტრენდები ცვალებადია. შარშან „ჯმ“-ის დიზაინის დეპარტამენტის უფროსმა მაიკლ სიმკომ თქვა, რომ ხალხს ისეთი ავტომობილების ყოლა უნდათ, რომელიც მათ მეზობლებში შურს აღიძრავს. ამ წუთას ასეთი ავტომობილები SUV-ები გახლავთ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ, როდესაც ავტომწარმოებლები ახალი ტექნოლოგიების კვლევასა და შემუშავებაში კაპიტალის დაბანდებას მორჩებიან, კონკრეტულ საფეხურს მიაღწევენ და ბენეფიტების მიღებას დაიწყებენ, მაშინ უმეტესობას გამოუჩნდება „ზედმეტი თანხა“, რათა საყვარელი კუპეების შექმნა დაიწყონ.
ორკარიანი კუპე - მომავალი ტრენდი იქნება.